თავში

კომპანიების საბანკო დეპოზიტებს სახელმწიფო სააგენტო დააზღვევს

კომპანიების საბანკო დეპოზიტებს სახელმწიფო სააგენტო დააზღვევს
კომპანიების საბანკო დეპოზიტებს სახელმწიფო სააგენტო დააზღვევს

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სააგენტო კომპანიების კუთვნილ საბანკო ანგარიშებს 15,000 ლარამდე მოცულობით დააზღვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკი, რომელშიც კომპანიებს თანხა აქვთ შენახული, მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდება და ვალდებულებების გასტუმრებას ვერ შეძლებს, დეპოზიტარებს 15,000 ლარამდე ოდენობის თანხა სახელმწიფო სააგენტოს მიერ აუნაზღაურდებათ. 

განმარტებითი ბარათის მიხედვით, სადაზღვევო სისტემას 2021 წელს 153 ათასი ბენეფიციარი კომპანია ეყოლება, რომელთა ანგარიშებიც სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაიზღვევა. კომერციულ ბანკებს კი გაუჩნდებათ დამატებითი ვალდებულება სახელმწიფო სააგენტოს სადაზღვევო პრემიის სახით წლიურად 2.6 მილიონი ლარი გადაუხადონ. 

"სისტემას 2021 წელს დაემატება, დაახლოებით, 153 000 იურიდიული პირი, 2022 წელს კომპანიების რიცხვი, დაახლოებით, გაიზრდება 155 000-მდე, ხოლო 2023 წელს - 156 000-მდე. მათი დაზღვეული დეპოზიტები შესაბამისად იქნება 442 მილიონი ლარი, 457 მილიონი ლარი და 472 ლარი. დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ოდენობა (იურიდიული და ფიზიკური პირების ერთად) გახდება დაახლოებით 4.3 მილიარდი 2021 წელს, 4.5 მილიარდი - 2022 წელს და 4.7 – 2023 წელს", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 2017 წლის 24 ივლისს დაარსდა. სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მთავარი ფუნქციაა საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევა.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო დღეისთვის 3.8 მილიარდი ლარის მოცულობის ფიზიკური პირების დეპოზიტებს აზღვევს, სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შემდგომ კი დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 4.3 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system