თავში

კომუნიკაციების კომისია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტშია

​კომუნიკაციების კომისია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტშია
კომუნიკაციების კომისია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტშია

კომუნიკაციების კომისია ბოლო სამი წელია ჩართულია ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროპის და აზიის შემაერთებელი“ - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ეს განცხდება შეტანილია კომისიის სექტემბრის ანგარისში, comcom დაიჯესტში.

როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე განმარტავს,  კომისია დაინტერესებულია ციფრული აბრეშუმის პროექტის განხორციელებით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

„ბოლო სამი წელია ვმუშაობთ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი განხორციელდეს და ეს პროექტი შედგეს. ვმუშაობთ, რომ საქართველო ამ პროექტში ჩაერთოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და სწორედ საქართველოს და შავი ზღვის გავლით მოხდეს ევროპისა და აზიის დაკავშირება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში. ამიტომ, დაანებეთ თავი სიყალბის გავრცელებას, რომ თითქოს ჩვენ ვეწინააღმდეგებით ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს. რეალურად პირიქით არის ყველაფერი, ვინაიდან ჩვენი ინიცირებულია ციფრული ჰაბის პროექტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან ერთად, მათ შორის, გარკვეულ ეტაპებზე რეგიონის, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც იყვნენ ჩართული პროცესში. ჯერჯერობით პროექტის განხორციელებას ბევრი აკლია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იდეა, ბევრად მეტია უკვე, ვინაიდან ბოლო სამი წელიწადია მე პირადად ჩართული და დაინტერესებული ვარ, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი შედგეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალშიც,“ - განაცხადა კახა ბექაურმა.

ცნობისთვის, ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი GSILF-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების კუთხით არსებული პოტენციალი, იძლევა საშუალებას მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიოთ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

შეგახსენებთ, საქართველო მუშაობს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას. პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა. იდეის პრეზენტაცია 2018 წლის 16 მარტს შედგა. .სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტექნოლოგიური კონსორციუმი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მონაწილეობით და დაიწყება ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა, რომელიც რეგიონული მასშტაბით, პროექტში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ციფრული აბრეშუმის გზის ერთიანი სავაჭრო პლატფორმის შექმნის თაობაზე გაფორმებულია საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მთავრობასა და Microsoft-ს შორის. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთიანი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ხელს შეუწყობს ჰქონდეთ წვდომა პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებზე და განახორციელონ ონლაინ აქტივობები თავისუფალი კონკურენციის პირობებში. მემორანდუმი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მიზნების განხორციელებას. ამასთან, მემორანდუმის მხარეები ითანამშრომლებენ პროექტის როგორც ტექნიკური, ისე კვლევითი და ინტელექტუალური მხარდაჭერის, ასევე, აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

შეგახსენებთ, აბრეშუმის გზის ერთიანი ციფრული ბაზრის არსებობა, უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ასევე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.

თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე და მაღალკონკურენტულ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის, აუცილებელია ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდა და აღნიშნული მიმართულებით ადამიანური კაპიტალისა და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი სწორედ ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებების და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system