თავში

კონტროლდება თუ არა ქვეყანაში ღვინის ხარისხი

კონტროლდება თუ არა ქვეყანაში ღვინის ხარისხი
კონტროლდება თუ არა ქვეყანაში ღვინის ხარისხი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რესტორნებში ფალსიფიცირებული ღვინო ხშირად იყიდება. ამის არგუმენტად დეპუტატს მოჰყავს ის ფაქტი, რომ საქართველოში რქაწითელისგან დამზადებული ღვინის მოხმარება უფრო დიდია, ვიდრე თავად რქაწითელის მოსავალი. სარესტორნო ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინო რომ იყიდება, ამას ადასტურებენ მეღვინეებიც. კომპანია "დუგლაძეების ღვინის" დირექტორი ზაალ დუგლაძე მიიჩნევს, რომ დღეს ღვინის ფალსიფიცირების საკითხი ღვინის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბიზნესმენი სახელმწიფოს ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჩამოსასხმელი ღვინის კონტროლის გამკაცრება, პირველ რიგში, ღვინის გაყიდვის წერტილების ლიცენზირებით უნდა დაიწყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის გაყიდვის წერტილების ლიცენზირება, ანუ იმ ადგილების, საიდანაც ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვა ხდება. მთელს მსოფლიოში ასეა და ჩვენთან სამწუხაროდ ვერ დაინერგა. რა თქმა უნდა არ შეიძლება აუკრძალო გლეხს და ფერმერს აწარმოოს საკუთარი ღვინო, მაგრამ თუ გაყიდვა უნდა, მაშინ ეს სარეალიზაციო წერტილი სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. დაცული უნდა იყოს ის წესი, როგორიცაა ღვინის შენახვა, ტემპერატურა, არდაჟანგვა. ხშირად ურენევ წყალს, ერევიან ხელოვნურად დუღილის პროცესში,რაც ღვინის ხარისხს აფუჭებს და მთლიანად ულახავს იმიჯს ქართულ ღვინოს," - განუცხადა Report.ge-ს ზაალ დუგლაძემ.

მეღვინე მიიჩნევს, რომ აუცილებელია  ღვინის წარმოების სტატისტიკური აღრიცხვიანობა. მისი თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობა დამოუკიდებლად აწარმოებს ღვინოს, უკონტროლო ხდება ეს სფერო და რთულდება ფალსიფიცირების მიკვლევადობა-აღრიცხვიანობა. მეწარმე დარწმუნებულია, ვიდრე წარმოება არ მოექცევა საბუღალტრო ბადეში, კონკრეტული და არგუმენტირებული საუბარი ღვინის ფალსიფიცერებაზე შეუძლებელია. 

ღვინის ხარისხს დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. იყიდება თუ არა ფალსიფიცირებული ღვინო რესტორნებში და კონტროლის რა მექანიზმები აქვს სახელწმიფოს,- ამ კითხვით Report.ge-მ სწორედ ამ სააგენტოს მიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ, გვითხრა, რომ 2018- 2019 წლებში ფალსიფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ალკოჰოლური სასმელების ბაზრის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იღებს ღვინის ნიმუშებს და იკვლევს მას ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. 2018- 2019 წლებში აღებულია 160 - მდე ნიმუში, საიდანაც შეუსაბამობა 14 შემთხვევაში დაფიქსირდა, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. კონკრეტულად, ბიზნესოპერატორს დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და სააგენტომ განახორციელა ზედამხედველობა ამოღებაზე. ფალსიფიკაციის შემთხვევებს რაც ეხება, ასეთის გამოვლენის შემთხვევაში საქმე შესაბამის სამართალდამცავ უწყებას გადაეცემა“,- განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system