თავში

კორონავირუსი სარეკლამო ბაზარს გადააწყობს

კორონავირუსი სარეკლამო ბაზარს გადააწყობს
კორონავირუსი სარეკლამო ბაზარს გადააწყობს

საშიში ვირუსის გავრცელებამ სარეკლამო ბაზარზე პრიორიტეტები შეცვალა. როგორც პიარ-კონსულტანტი ელდარ პირმისაშვილი report.ge-თან საუბრისას განმარტავს, ბიზნესში მოსალოდნელი შემოსავლების კლება შეკვეთებზეც იმოქმედებს და კომერციულ რეკლამაზე მოთხოვნა შემცირდება. ერთადერთი გამონაკლისს, როგორც პირმისაშვილი აღნიშნავს, წარმოადგენენ სოციალური ქსელები, სადაც ბოლო პერიოდში უფრო საინფორმაციო ტიპის მიმართულება არის საინტერესო. ხოლო ყველაზე უკეთ მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების რეკლამა იმუშავებს.

,,შეიძლება, კორონავირუსის გამო მოსახლეობა უფრო მეტად უყურებს ტელევიზორს, მაგრამ ეს სატელევიზიო რეკლამაზე დიდად არ აისახება. ტელემაყურებელი ძირითადად მოსახლეობის ის კატეგორიაა, რომელსაც  წვდომა არ აქვს ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე და ელოდება სატელევიზიო გამოშვებას. ამიტომ სატელევიზიო რეკლამა შეიძლება იყოს ნაკლებმსყიდვითუნარიანი, მაგრამ ნიშური ანუ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებების რეკლამა უფრო იმუშავებს იმ დრომდე მაინც, ვიდრე მომხმარებელი ზის ტელევიზორთან, ისიც ინერციით. სოციალურ ქსელში ვინც მოვლენებს თავლყურს ადევნებს, ტელევიზიასთან არ მიდის. პირდაპირი კორელაცია, რომ მეტი მაყურებელი გაუჩნდა ტელევიზიას და რეკლამა გააქტიურდა, არ შეინიშნება. ტელევიზიები გააგრძელებენ იმ დამკვეთების რეკლამის ჩვენებას, რომელიც ჯერ  კიდევ იანვრის ბიუჯეტით იყო დაგეგმილი, ასე გაგრძელდება ამ თვეში და შემდეგ პერიოდშიც. ჩემი აზრით, რეკლამა უფრო შემცირდება, ვიდრე მოიმატებს, რადგან ბიზნესის კუთხით პრობლემა არის და მომავალში შესაძლოა უფრო გაღრმავდეს. ეს კი სატელევიზიო რეკლამაზე უარყოფითად იმოქმედებს ", - აცხადებს პირმისაშვილი.

მისი თქმით, რეკლამაზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სააგენტოებში, რომელსაც დღეს საკმაოდ ბევრი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

,,როგორც წესი, სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სააგენტოებში უფრო სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია და ტელევიზია გაცილებით აგვიანებს. შესაბამისად, დამკვეთები აქცენტს უფრო სოციალურ ქსელებსა და სააგენტოებზე გააკეთებენ. ბიზნესსაც ასე ურჩევნია, რადგან მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ ეფექტს იღებენ, ხოლო ტელევიზიაში რეკლამის განთავსება ძვირი ჯდება. პრინციპში, დიდი არჩევანი არ აქვთ კომპანიებს, თუ ახალგაზრდული პროდუქცია აქვთ, სჯობს საერთოდ არ გამოიყენონ ტელევიზია და პირდაპირ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელზე გადაერთონ. მთლიანობაში, სარეკლამო ბაზარზე მოთხოვნა შემცირდება, ეს გარდაუვალია, ძირითადად სოციალური, უფრო საინფორმაციო ტიპის რეკლამა იმუშავებს", - ვარაუდობს პიარ-კონსულტანტი. 

ცნობისთვის, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. 

2019 წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი კლება, მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ჰქონდა. კერძოდ „რუსთავი 2“-მა 2019 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7,336,934. 00 ლარით ნაკლები სარეკლამო შემოსავალი მიიღო.

ტელეგადაცემებში რეკლამის განთავსების ტარიფი, როგორც წესი, მის რეიტინგზეა დამოკიდებული. ამ ლოგიკით, ყველაზე ძვირი სატელევიზიო რეკლამა, სერიალებში სარეკლამო ჭრისას განთავსებული რეკლამა უნდა იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system