თავში

კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკის ყველა სექტორს მიწვდა

კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკის ყველა სექტორს მიწვდა
კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკის ყველა სექტორს მიწვდა

კორონავირუსისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო. ამის შესახებ აღნისნულია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანამხმად, 2020 წლის პირველი ორი თვის საშუალო რეალური 3.7-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, მარტში დაფიქსირდა კლება – 2.7 პროცენტი, ხოლო აპრილში კლების წინასწარმა მაჩვენებელმა – 16.6 პროცენტი შეადგინა.

მთავრობის განმარტებით, მარტში 22.1 პროცენტით, ხოლო აპრილში 27.9 პროცენტით შემცირდა საქართველოს ექსპორტი, იმპორტი კი, იმავე თვეებში 12.7 პროცენტითა და 38.5 პროცენტით შემცირდა.

2020 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი სულ შემცირდა 11.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩvენებელთან შედარებით.

2020 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი 17.6 პროცენტიანი ზრდის შემდეგ, თებერვალში − 5.2 პროცენტით, მარტში − 69.8 პროცენტით, ხოლო აპრილში, საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, შემოსავლები 96.8 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 5.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების გარეშე დაგეგმილი იყო 13.7 მლრდ ლარის ოდენობით, რაც, განახლებული პროგნოზების მიხედვით, მცირდება 1.8 მლრდ ლარით.

წარმოქმნილი დეფიციტის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. დაგეგმილია ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება დაახლოებით 600 მლნ ლარის ოდენობით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების მდგომარეობაზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის.

„აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დამატებითი ღონისძიებებისთვის საჭირო ფინანსურმა რესურსებმა დაახლოებით სამი მლრდ ლარი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია გლობალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთება პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, დიდია გაურკვევლობა პანდემიის ეკონომიკაზე გავლენების შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია ბიუჯეტში გარკვეული რეზერვების შექმნა, რათა უფრო პესიმისტური და მძიმე სცენარების განვითარების შემთხვევაშიც არ წარმოიქმნას ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების პრობლემა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა შეთანხმება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე მშპ-ის 8.5 პროცენტამდე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა მნიშვნელოვანი დაფინანსების მოზიდვა – 1.5 მლრდ აშშ დოლარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და ასევე 1.5 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა კერძო სექტორისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system