თავში

კორონავირუსის პანდემია კორუფციის რისკსაც ზრდის

კორონავირუსის პანდემია კორუფციის რისკსაც ზრდის
კორონავირუსის პანდემია კორუფციის რისკსაც ზრდის

არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აცხადებს, რომ კრიზისულ ვითარებაში პირდაპირი შესყიდვების რაოდენობის მატების პირობებში შესაძლოა ქვეყანაში კორუფციული რისკები გაიზარდოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, IDFI საქართველოს მთავრობას მეტი გამჭვირვალობისკენ და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალი სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.

"კორუფციის შემთხვევები ხშირად სწორედ კრიზისის დროს იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყურადღება მოდუნებულია და სუსტდება ზედამხედველობა შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. გარდა ამისა, კრიზისულ სიტუაციებში ხდება დიდი თანხების მობილიზება როგორც საერთაშორისო დონორებისგან, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის კორუფციისა და დახმარების სახით მიღებული ფინანსების არასათანადოდ განკარგვის საფრთხეებს. აღნიშნულს ადასტურებს გლობალური გამოცდილება ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორიც იყო ებოლასთან და ღორის გრიპთან დაკავშირებით არსებული კრიზისული სიტუაციები. წითელი ჯვრის შეფასებით დასავლეთ აფრიკაში ებოლასთან დაკავშირებული კრიზისის დროს 6 მილიონი დოლარი გაიფლანგა ყალბი საბაჟო გადასახადების, გაბერილი ხარჯებისა და არარსებული თანამშრომლების ანაზღაურებების გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე რთულ სიტუაციაშიც ხელისუფლებამ ყურადღება არ მოადუნოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს კორუფციის რისკების იდენტიფიცირებას და სავარაუდო კორუფციული შემთხვეების გამოვლენას," - აღნიშნულია IDFI - ის განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეპიდემიის დროს ხშირად საჭირო ხდება გადაუდებელი შესყიდვები, რაც ზრდის ამ მიმართულებით კორუფციის რისკებს, ხდება ფასების ხელოვნური ზრდა და არაოფიციალური (ე.წ. ნაცრისფერი) და შავი ბაზრების გამოყენება ისევე, როგორც ფალსიფიცირებული პროდუქტების გასაღების მცდელობა.

"საერთაშორისო მასშტაბით 2020 წლის მარტის განმავლობაში უკვე აღინიშნა კორუფციულ ინციდენტებთან დაკავშირებული ტალღა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შემცირება. როგორც ცნობილია, ევროპის კონტინენტზე პანდემიის შედეგად ყველაზე ძლიერი დარტყმა იტალიამ განიცადა. იტალიაში გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში ერთ-ერთმა კომპანიამ მოიგო ტენდერი და მიიღო უფლება, რომ მთავრობა სამედიცინო ნიღბებით მოემარაგებინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაბლოკა აღნიშნული ტენდერი სავარაუდო კორუფციული გარიგების გამო და გამოძიება დაიწყო. სერბეთის პრეზიდენტმა კი საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპულ ბაზარზე სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო, იძულებული გახდა, ისინი არაოფიციალურ ბაზარზე შეეძინა," - აცხადებენ ორგანიზაციაში და მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერება ისევე, როგორც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტენდერების გვერდის ავლით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მოსალოდნელი მატება (გაზრდილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან განხორციელებული შესყიდვები, გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შესყიდვები და ა.შ.) მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვისა თუ კორუფციული გარიგებების რისკებს. 

"როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელწიფო ბიუჯეტში მოახდენს ორი მილიარდი ლარის მობილიზებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერას მოხმარდება. დამატებით, უშუალოდ ჯანდაცვის სექტორში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისთვის, ბიუჯეტში გამოყოფილია 351 მილიონი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა მათთვის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები უაღრესად რაციონალური გამოიყენონ და უზრუნველყონ აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამედიცინო სფეროში კორუფციული რისკფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები რაციონალურად და მიზნობრივად დაიხარჯოს. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინების, ტესტებისა და აღჭურვილობის შესყიდვისას ღია და გამჭვირვალე პროცედურის საშუალებით," - აცხადებს IDFI და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ბიუჯეტის მონიტორინგის და შესყიდვების მიმართულებით, რაც ფინანსების ეფექტიან ხარჯვას და კორუფციული რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

ორგანიზაცია ასევე მოითხოვს უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაღალი ხარისხი.

"საჭიროა 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დანერგილი სტანდარტის არსებულ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა," - ნათქვამია IDFI - ის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system