თავში

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მსოფლიო ბანკი ფინანსურად დაეხმარება - PHOTO

კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მსოფლიო ბანკი
კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მსოფლიო ბანკი ფინანსურად დაეხმარება - PHOTO

"თუ საქართველოს კორონავირუსთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება დასჭირდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად," – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ისიც განმარტა, რომ კორონავირუსი სერიოზულ რისკებს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. 

კორონავირუსი არის გამოწვევა ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ექნება უარყოფითი გავლენა [საქართველოზე], თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც, რადგან ის გავლენას ახდენს ტურიზმზე და ეკონომიკის სხვა სფეროებზე. მსოფლიო ბანკმა 12 მილიარდი გამოყო, რომ სხვადასხვა ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოსთანაც ვითანამშრომლებთ. არ ვიცი, ამ ეტაპზე საქართველოს რამდენად სჭირდება ეს დაფინანსება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“, – აცხადებს მოლინეუსი და დასძენს, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი იქნება. მისივე თქმით, სავარაუდოდ რთული წელი იქნება საქართველოსთვისაც.

"აქ ჩვენ ზემოქმედების ორი ფაქტორი გვექნება: ერთი – გავლენა ჯანდაცვაზე და მეორე – გავლენა ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ისეთი მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს. ეს საქართველოსთვის გამოცდა იქნება, თუ რამდენად მზად არის ქვეყანა, კრიზისი დაძლიოს. ამჟამად, როგორც ვიცი, მხოლოდ ოთხი შემთხვევაა ქვეყანაში და არც ერთი ფატალური დასასრული არ ყოფილა. რაც შეეხება ეკონომიკას, მე ვხედავ გარკვეულ შავ ღრუბლებს ქვეყნის თავზე. მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზეც დიდ გავლენას მოახდენს. ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც შემცირდება და გარკვეული პრობლემების წინაშე დადგება. გარკვეულ უარყოფით გავლენას განიცდის იმპორტ-ექსპორტიც ანუ ვაჭრობა. ამან შეიძლება, გავლენა მომხმარებელზეც მოახდინოს და მან გარკვეული პროდუქციის შეძენისგან თავი შეიკავოს. ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობა გარკვეულ ზომებს იღებს, რათა ეკონომიკური რისკები დაძლიოს“, – ამბობს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.

 

კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად, მსოფლიო ბანკმა 12 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში 30 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 043 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 60 500-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 53 700-ზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევები დღეისათვის მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსმა მსოფლიოში 3385 ადამიანი იმსხვერპლა. აღრიცხულია ინფიცირების 98 400-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 55 600-ს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system