თავში

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების 25-ეულშია

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების 25-ეულშია
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების 25-ეულშია

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია.

"2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის 9 ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი მიღწევაა და, ვფიქრობ, ჩვენი რეიტინგის გაუმჯობესება ადასტურებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ პოლიტიკას ვატარებთ“, - ასე აფასებს საქართველოს პოზიციას კორუფციის აღქმის ინდექსში ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი. 

ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ამას საქართველომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად მიაღწია.

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს პოზიტიურად აფასებს. მათ შორის "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბოლო კვლევით დასტურდება, რომ საქართველო სრულად თავისუფალია კორუფციული გარიგებებისგან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კორუფციისგან თავისუფლების თვალსაზრისით, ბოლო რვა წლის განმავლობაში არსებითი გაუმჯობესება შეინიშნება. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა ოთხი ქულითაა გაუმჯობესებული [52-დან 56]. ამ მონაცემით ქვეყანა 51-ე ადგილიდან 45-ზე გადავიდა. ეს სურათი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს სხვადასხვა პრივილეგირებული ჯგუფები და ე.წ. ელიტური კორუფცია. ბოლო წლებში სრულად აღიკვეთა დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ჩინოვნიკი აცნობიერებს, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, არაერთი ჩინოვნიკი მიეცა პასუხისგებაში, რაც ყველა საჯარო მოსამსახურისთვის წარმოადგენს მაგალითს, რომ არავის არაფერი ეპატიება“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

შეგახსენებთ, საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია.

Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა. სპეციალისტების ამტკიცებენ, რომ ეს მალე "გადაითარგმნება" ბიზსნესსა და ეკონომიკაში და მოიტანს ინვესტიციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system