თავში

კოვიდკრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე თებერვლიდან აისახა

კოვიდკრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე თებერვლიდან აისახა
კოვიდკრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე თებერვლიდან აისახა

2020 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით გაიზარდა. ზრდაში უდიდესი წვლილი, 1.4 პპ, მომსახურებაზე მოდიოდა, ინდუსტრიული დარგების წვლილი 0.8 პპ, ხოლო სოფლის მეურნეობის წვლილი თითქმის ნულოვანი იყო. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ასახვა საქართველოს ეკონომიკაზე თებერვლიდან დაიწყო.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ტურისტული ინდუსტრია დაზარალდა. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მცირედი კლება ჯერ კიდევ თებერვალში დაფიქსირდა. მარტში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა თითქმის შეწყდა. უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოში ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ტურისტული ინდუსტრიაა, რომელიც ურთიერთდაკავშირებულ დარგებს აერთიანებს და მთლიანობაში ეკონომიკის დიდ ნაწილს მოიცავს. პირველი კვარტალის დასაწყისში, არსებული მონაცემების მიხედვით ტურისტული ინდუსტრია ჯერ ისევ მაღალი ტემპით იზრდებოდა, რამაც მეორე ნახევრის ჩავარდნა გადაფარა. საბოლოოდ პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით მცირედი ზრდა (0.2%) დაფიქსირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებში, სადაც უდიდესი წილი სასტუმროებისა და რესტორნების გამოშვებაზე მოდის. 

სებ-ის მონაცემებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, სადაც უცხოელთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია, 1.6%-ით გაიზარდა. პირველი კვარტალის მონაცემებით ჯამში ამ ორი დარგის (ტურიზმის და უძრავი ქონების) წვლილმა ეკონომიკურ ზრდაში 0.2პპ შეადგინა. შედარებისთვის ამ ორი დარგის წვლილი 2019 წლის ეკონომიკურ ზრდაში 1.0 პპ იყო.

"ტურისტული ინდუსტრია მეტ-ნაკლებად სხვა დარგებთანაც არის კავშირში. მაგალითად, ტრანსპორტის დარგში, სადაც ტურისტული სააგენტოების წვლილი მნიშვნელოვანია პირველ კვარტალში ზრდა შენელდა და 4.7% შეადგინა (0.3პპ წვლილი ზრდაში)," - განმარტვს სებ-ი.

უწყების ცნობით, ეკონომიკის უმსხვილესი დარგი, ვაჭრობა, მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა. პირველ კვარტალში კრიზისი შედარებით ნაკლებად შეეხო მშენებლობას და დამამუშავებელ მრეწველობას, სადაც ზრდამ და წვლილმა საერთო ზრდაში, შესაბამისად, 6.7% და 5.7% და 0.4პპ და 0.5პპ შეადგინა. მცირედით (0.3%-ით) გაიზარდა სოფლის მეურნეობა, ხოლო მისი წვლილი საერთო ზრდაში პრაქტიკულად ნულოვანი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system