თავში

ქუთაისის "ეი ი სოლარი" მზის პანელებით საუდის არაბეთს მოამარაგებს

ქუთაისის "ეი ი სოლარი" მზის პანელებით საუდის არაბეთს მოამარაგებს
ქუთაისის ეი ი სოლარი მზის პანელებით საუდის არაბეთს მოამარაგებს

500 მეგავატი სიმძლავრის მზის ენერგიის პანელების წარმოება ქუთაისში და 100 დასაქმებული, - ასეთია "AE სოლარის" რამდენიმეთვიანი ოპერირების შედეგი ქუთაისში. კომპანია 3 თვეა საქართველოში ოპერირებს და სულ მალე ხარისხის სერტიფიკატს გერმანიიდან ელოდება. როგორც "ეი ი სოლარის" ახლო აღმოსავლეთის, საქართველოსა და სდთ-ის ქვეყნების რეგიონული მენეჯერი, ირაკლი უბილავა, აცხადებს, გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე პირველი ნაბიჯი 2 წლის წინ გადადგა, როცა საერთაშორისო გაყიდვებისა და კოორდინაციის ოფისი თბილისში დააფუძნა. დღემდე ოფისი წარმატებით მუშაობს და 40-მდე თანამშრომელს ასაქმებს. უბილავას განმარტებით, ამით მზის პანელების წარმოების ერთ-ერთმა მსხვილმა გიგანტმა "ეი ი სოლარმა" ქართული ბაზარი დატესტა იმის მოსასინჯად, როგორ რეაგირებდა საქართველო ახალ ტექნოლოგიებზე. ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ აქ ქარხნის გახსნა ღირდა. 500 მეგავატი სიმძლავრის მზის ენერგიის პანელების ქარხნის ამუშავება, ირაკლი უბილავას შეფასებით, შესანისნავი პრეცედენტია იმისა, რომ საქართველოს შეუძლია მაღალტექნოლოგიური პროდუქტის წარმოება.

"პირველი პარტია უკვე გამოშვებულია. ქუთაისის ნაწარმს ვყიდით უნგრეთში, სომხეთში, კვიპროსში, ლიბანში. მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტები უკვე გავაფორმეთ აშშ-სთან, ბრაზილიასთან, მექსიკასთან. მიხარია, რომ გერმანული ბრენდის "made in georgia" სერია დღითიდღე უფრო ცნობადი ხდება. მისი ცნობადობის ამაღლებაზე და რეკლამირებაზე მარკეტოლოგები აქტიურად მუშაობენ. ჩვენი ბიზნესგეგმის მიხედვით, 6 თვის თავზე შევძლებთ 500 მეგავატის სრულად დატვირთვა უნდა შევძლოთ. შემდეგი ეტაპი ამ წარმოების გაორმაგებაა. გეგმაში გვაქვს ფირფიტების საწარმოო ხაზის დამატებაც. ფირფიტა მზის პანელის ძირითადი ფოტოელემენტია, რომელზეც მაღალი მოთხოვნაა მთელს მსოფლიოში. ვგეგმავთ ასევე გარგამქმნელების წარმოებასაც," - აცხადებს "ეი ი სოლარის" ახლო აღმოსავლეთის, საქართველოსა და სდთ-ის ქვეყნების რეგიონული მენეჯერი, ირაკლი უბილავა.

კითხვაზე, რატომ დაინტერესდა გერმანული მსხვილი კონცერნი წარმოების საქართველოში დაწყებით, უბილავა პასუხობს, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება მარტივია, მინიმუმამდეა დაყვანილი ბიუროკრატიული ბარიერები, მარტივია საგადასახადო ადმინისტრირება და დაბალია თავად გადასახადები. ამის გარდა, უბილავას თქმით, ამ ეტაპზე "ეი ი სოლარის" მიზანი ახლო აღმოსავლეთის ბაზრის ათვისებაა. საქართველოს კი ამისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს.

"ის, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები მსხვილი ბაზრის მქონე ქვეყნებთან, ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია. გარდა ამისა, ბაზრის კვლევის საფუძველზე, ცნობილია, რომ საუდის არაბეთში 2030 წლამდე უნდა დაყენდეს 200 გიგავატი ენერგიის მზის სადგურები. ეს დაახლოებით 150 ენგურჰესისოდენი სიმძლავრეა. ქუთაისის მზის პანელების ქარხანას უკვე გახსნილი აქვს საუდის არაბეთში ოფისი და ვახდენთ აქტიურ ექსპანსიას. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს ძალიან მეამაყება, რომ ამ კომპანიის სათავეებთან, ავანგარდში, დგანან ქართველები. ქართველები არიან რეგიონული მენეჯერები, გაყიდვების მენეჯერები, პროექტების კოორდინატორები. გარწმუნებთ, პანელების წარმოების სფეროში მაქსიმუმ 5 წელიწადში საქართველო გახდება ლიდერი თუ არა, ანგარიშგასაწევი მოთამაშე," - აღნიშნა ირაკლი უბილავამ.

ცნობისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მზის პანელების იმპორტზე შეზღუდვა დაუწესა. ქუთაისი მზის პანელების ქარხანა კი აშშ-ს კვოტის ფარგლებში ამარაგებს.

გერმანულ კომპანია "ეი ი სოლარს" გაყიდვების ოფისში თბილისში აქვს. სრულად დატვირთვის შემთხევაში ქარხანა 350 ადამიანს დაასაქმებს. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 100 ადამიანი. დასაქმებულთა 99 % ქუთაისისა და იმერეთის მცხოვრებია.

საწარმო სრულად დატვირთვის შემთხვევაში ორ ან სამცვლიანი რეჟიმით იმუშავებს, რადგან უზრუნველყოფილი უნდა იყოს საწარმოო ხაზის 24/7 მუშაობა. სრული დატვირთვის ქარხანა 2020 წლის თებერვლიდან გაეშვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system