თავში

ქვეყანაში საკრედიტო ბარათების ბაზარი დაახლოებით 500 მილიონი ლარია - როგორ უნდა ამაღლდეს დაკრედიტების კულტურა

ქვეყანაში საკრედიტო ბარათების ბაზარი დაახლოებით 500 მილიონი ლარია
ქვეყანაში საკრედიტო ბარათების ბაზარი დაახლოებით 500 მილიონი ლარია - როგორ უნდა ამაღლდეს დაკრედიტების კულტურა

საქართველოში საკრედიტო ბარათების ბაზარი დაახლოებით 500 მილიონი ლარია. ქვეყნის საერთო მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საკრედიტო ბარათი მინიმუმ 500 ლარიანი ლიმიტით მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს.

საქართველოში საკრედიტო ბარათი სხვა საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით დაბალი ლიმიტით (მაქსიმუმ 20,000 ლარი) და მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება (26%-30%).

როგორ უნდა ამაღლდეს ქვეყანაში საკრედიტო ურთიერთობები ბანკებსა და მოქალაქეებს შორის და როგორია ამ მხრივ საერთაშიროსო პრაქტიკა, ამ კითხვით Report.ge  "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების ექსპერტს ანი ალიბეგაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საკრედიტო ბარათი არის საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტში საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება, ასევე ინტერნეტით, და/ან ბანკომატის მეშვებით გაანაღდოს თანხა.

"საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის, პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი.საკრედიტო ლიმიტი, ანუ სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ინდივიდუალურია, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით განისაზღვრება. მსესხებლის და გამსესხებლის ურთიერთობა მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ ამ სესხის დაფარვას საფრთხე არ ემუქრება. იმის გამო რომ საქართველოში მოქალაქეების უმრავლესობა დაბალშემოსავლიანია, რისკების შეფასებიდან გამომდინარე ბანკი საკრედიტო ბარათებზე მოქალაქეებს დიდ თანხას არ ენდობა და ეს ბუნებრივია.თავის მხრივ პასუხისმგებლიანი მოქალაქეც ერიდება მსხვილი კრედიტი აიღოს. ასეთია ბანკისა და მსესხებლის ბუნებრივი კორელაცია. იმისთვის რომ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კულტურა გაიზარდოს, მსესხებელ-გამსესხებელს შორის ნდობა უნდა გაიზარდოს. ნდობას გაზრდის მხოლოდ მომხმარებლის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა. რაც მეტი აქვს შემოსავალი მოქალაქეს, მეტია ბანკის მხრიდან მისთვის ფულის ნდობის საფუძველი," - აცხადებს ანი ალიბეგაშვილი.

როგორც საბანკო პროდუქტების ექსპერტი გვიხსნის, შესაძლებელია საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით, ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი. უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი. 

"საკრედიტო ბარათები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან გავრცელებული და პოპულარული პროდუქტია. საზღვარგარეთ ამ ბარათების რეალური დანიშნულება არის „შოპინგი“. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკრედიტო ბარათები ერთი-ერთი ყველაზე პრობლემური პროდუქტია საქართველოში. მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გაითვლისწინონ, რომ საშუალოდ განაღდების საკომისიო 3-4%-მდე მერყეობს (თუმცა არის გამონაკლისიც), საშეღავათო პერიოდი დაახლოებით 55 დღეა, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-დან 36%-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი საკრედიტო ბარათს „შოპინგისთვის“ გამოიყენებს წლიური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ თანხის განაღდების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა ბანკის ბარათს აქვს გარკვეული შეღავათები და ქულების დაგროვების სისტემები, რაც ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას," - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

ცნობისთვის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა საფინანსო ბაზარზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან აამოქმედა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system