თავში

ქვეყნის ფისკალური სივრცე სულ უფრო მცირდება

ქვეყნის ფისკალური სივრცე სულ უფრო მცირდება
ქვეყნის ფისკალური სივრცე სულ უფრო  მცირდება

"საერთასორისო ექსპერტების მხრიდან დაისვა აქცენტები, რომ საკმაოდ მცირდება ქვეყნის ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდეს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ ორიენტიერებული იმაზე, რომ ჩვენი მხარდაჭერის ღონისძიებები იყოს მიზნობრივი და სოციალურად ორიენტირებული“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტები განაგრძობენ საქართველოს მთავრობის კონსულტირებას პოსტპანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით. 

ცნობისთვის, საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრაში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი უძღვებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საუბარი შეეხო, თუ რამდენად არსებობს ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე ხარჯების შემცირება.

„ექსპერტების მიერ აღინიშნა ისიც, რომ საქართველოში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები საკმაოდ დაბალია სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, აქ რაიმე არსებითი სივრცე დარჩენილი არ არის. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს ბიუჯეტში უკვე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და მოხდა მიმდინარე ხარჯების შემცირება. მთავარი ორიენტირი, რაც მათ მიერ იქნა დასმული არის ის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს და უნდა იფიქროს, ჰორიზონტალური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა მოვახდინოთ კერძო სექტორის მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, შეხვედრის დროს ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის ძალიან დაბალი სხვა ქვეყნებთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საგადასახდო ტვირთი არის ძალიან დაბალი.

„ვისაუბრეთ ინვესტიციების მხარდაჭერის მიმართულებაზეც და აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ზოგადად, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, საქართველოს შემთხვევაში, ეს ნაკლებად რელევანტურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გავქვს ისედაც დაბალი საგადასახდო ტვირთი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, შეხვედრაზე აღინიშნა, მომსახურების სექტორის ჩავარდნის დაბალანსებას მთავრობა წარმოების მხარდაჭერით ცდილობს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.

დღესვე უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ხელისუფლებისა და ექსპერტების დიდი ნაწილის მოსაზრება რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და მრავალ პრობლემას გამოიწვევს, როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად ეკონომიკაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ექსპერტები პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას სწორს და დროულს უწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system