თავში

ქვეშეთი-კობის გზაზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

​ქვეშეთი-კობის გზაზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის
ქვეშეთი-კობის გზაზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით,  ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყება.მათივე შეფასებით,  9 კმ სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის გვირაბი, საქართველოსა და რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია.გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია."გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. TBM ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დანადგარია, ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა კი გაცილებით უსაფრთხოა და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ეს ტექნოლოგია, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს. ამ ეტაპზე, ჩამოტვირთვა დასრულებულია და სამშენებლო მოედანზე ტრანსპორტირება გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩაკეტილი გზის გახსნისთანავე დაიწყება. გუდაური-კობის მონაკვეთი 11 იანვრიდან ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. მსგავსი შეზღუდვები ხშირია ზამთრის პერიოდში. სწორედ ქვეშეთი-კობის გზა და უნიკალური გვირაბი მოაგვარებს ამ პრობლემას და წელიწადის ნებისმიერ დროს გადაადგილება უწყვეტად იქნება შესაძლებელი," - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

ცნობისთვის, ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. 

"ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, რაც უსაფრთხოებასთან და დროის დაზოგვასთან ერთად, ქვეყნისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია," - განმარტავენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

შეგახსენებთ, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საწყის ეტაპზე განხილული იყო 45-მდე ალტერნატიული მარშრუტი. ჩატარებული არაერთი კვლევისა თუ შეფასების შედეგად კი შეირჩა ერთი უპირატესი მიმართულება, რომელიც საუკეთესო გადაწყვეტაა ყველა ანალიზის თვალსაზრისით.

როგორ შენდება, რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეშეთი-კობის ახალ გზას, რომლის აშენებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს, ასევე, ზუსტად რა მარშრუტს გაივლის და როგორი იქნება ქვეშეთი-კობის ახალი გზა, შეიტყობთ ვიდეოდან:

ჩრდილოეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე "ლელოს" კითხვები აქვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ამ მიმართულების გზის მშენებლობით ქვეყანაში მთავრობა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამაც" განაცხადა, რომ ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს - ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

არასამთავრობო ორგანიზაციებ და ექსპერტები გზის ამ მონაკვეთის პოლიტიკუ-ეკონომიკურ და სამხედრო რისკებზე საუბრობენ, თუმცა ვიცე-პრემიერი ცქიტიშვილი რისკებს გამორიცხავს და ამბობს, რომ ქვეშეთი-კობის გზა რუსეთთან დაკავშირებული პროექტი არაა, უფრო მეტიც, ეს იმ პროექტების ჩამონათვალშია, რომლითაც მთავრობა მიღწევად თვლის და თავს იწონებს.

ცნობისთვის, რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას EBRD-ი, ანუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 60 მილიონი დოლარით აფინანსებს, ამ მონაკვეთში გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის ბენეფიტებსა და რისკებს გაეცანით report.ge-ის სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system