თავში

"ლარი წონასწორულ ნიშნულს არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება"

"ლარი წონასწორულ ნიშნულს არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება"
ლარი წონასწორულ ნიშნულს არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება

ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა. 

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკისთვის ოპტიმალური არჩევანია. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ინტერვენციები ლარის კურსის საბაზრო ქცევას ხელს არ უშლის. ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება," - წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და იქვე განმარტავს, რომ პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ძირითადად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თითქმის განულებაში აისახა.

"ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის მიერ დაზიანებული ეკონომიკის დასახმარებლად დროის უმოკლეს პერიოდში უცხოური ვალუტით მოცულობითი დახმარება მოიზიდა, რომლის ნაწილიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობით, მიმდინარე წელს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარშიც, ეკონომიკას ეტაპობრივად მიეწოდება. ზემოხსენებული და მსგავსი სულისკვეთების განცხადებები, ნებსით თუ უნებლიეთ, მოსახლეობას და ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს და, საბოლოო ჯამში, მათ მხოლოდ აზარალებს. ამიტომ, სასურველია გავიაზროთ, რომ, როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო, უპრეცედენტოდ რთულ პერიოდს გადის. ამ გამოწვევის წინააღმდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმით - რისი გამოცდილებაც ეროვნულ ბანკს აქვს - ამ კრიზისს მინიმალური დანახარჯებით გადავლახავთ," - განმარტავს კობა გვენეტაძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 420 მილიონი დოლარი გაყიდა. დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით კი სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 460 მილიონს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2537 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8267 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(15.35 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2549 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system