თავში

"ლარის კურსი დრამატულ ვარდნას განაგრძობს"

"ლარის კურსი დრამატულ ვარდნას განაგრძობს"
ლარის კურსი დრამატულ ვარდნას განაგრძობს

"ახლა ეკონომიკაში საშინელი, ნეგატიური მოლოდინებია, რადგან კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაფერი გააკეთა," - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციები უშედეგოა.

"ლარის კურსი დრამატულ ვარდნას განაგრძობს და დღეს ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. სამწუხაროდ, დახარჯულმა ჩვენმა ფულმა არაფერი შედეგი არ გამოიღო, ასევე იქნება 40 მილიონი დოლარის შემთხვევაშიც. ბოლო 4 დღის მანძილზე ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან ერთად დღე და ღამე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს, თუნდაც საჯაროდ შეგვეთავაზებინა ეს ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ლარის კურსმა გამყარება და მკვეთრად გაუმჯობესება დაიწყოს, ხელისუფლების ცვლილებაა. სხვა გზა არ არსებობს, გარდა ხელისუფლების ცვლილებისა და გეტყვით რატომ - ახლა ეკონომიკაში საშინელი, ნეგატიური მოლოდინებია, რადგან არაფერი გააკეთა კრიზისის დროს „ქართული ოცნების“ მთავრობამ, არაფერი შესთავაზა მცირე და საშუალო ბიზნესს, მხარი არ დაუჭირა მათ, ახალი თაობის რეფორმები არ დაიწყო, პირიქით, ისინი გამოდიან და ამბობენ, ყველაფერი კარგად არისო. სწორედ ამაზე ვრეაგირებთ თითოეული მოქალაქე. ეს ნიშნავს, რომ ეს კოლაფსი, კრიზისული მდგომარეობა, მათ პირობებში დიდხანს გაგრძელდება“,-აცხადებს ვაშაძე და დასძენს, რომ კრიზისის დროს ხელისუფლებამ არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ბიზნესს პერსპექტივა ეგრძნო. ვაშაძე განმარტავს, რომ ლარის კურსი განწყობებზეც არის დამოკიდებული და არა მხოლოდ იმაზე, რამდენი დოლარი გაიყიდება და რამდენ ლარს ვიყიდით.

მან მთავრობის წევრებს მოუწოდა, არ გააკეთონ „უაზრო“ განცხადებები, რადგან ვაშაძეს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერზე ეკონომიკა რეაგირებს.

"ნუ აკეთებთ განცხადებას, რომ თურმე საჩხერის მოდელი საქართველოს განვითარების მოდელია. ამ ყველაფერზე რეაგირებს ეკონომიკა, ამ ყველაფერზე რეაგირებს საქართველოს თითოეული მოქალაქე“,-აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 420 მილიონი დოლარი გაყიდა. დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით კი სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 460 მილიონს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2537 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8267 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(14.05 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2513 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system