თავში

ლარის კურსი უმართავი გახდა

ლარის კურსი უმართავი გახდა
ლარის კურსი უმართავი გახდა

ლარის კურსი ეკონომიკურ კანონზომიერებას არ ემორჩილება. როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, ლარი იმ მდგომარეობაშია, როცა გამყარებაც და გაუფასურებაც რეალურად ცუდის მანიშნებელია და მხოლოდ ეკონომიკის სტაგნაციაზე მეტყველებს. მისი ვარაუდით, არ არის გამორიცხული კურსი მოულოდნელად 3-იანი ნიშნულზე დაბლა ჩამოვიდეს, რაც პოზიტიურ ფაქტად ვერ შეფასდება. რეალურად ლარი უმართავი გახდა და ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც ვერ  იძლევა შედეგს. 

,,ეკონომიკაში დიდი ჩავარდნაა მრავალი მიზეზის გამო. ექსპორტსა და იმპორტშიც ჩამორჩენაა, რადგან მოხმარება არის შემცირებული. ამის ფონზე მოთხოვნა დოლარზეც შემცირებულია. ასეთ სიტუაციაში გასაკვირი არ არის, რომ ლარი მუდმივად განიცდის რყევებს. სახეზე გვაქვს ეკონომიკის სტაგნაცია, რასაც ბუნებრივად მოყვება კურსის დევალვაცია. რაღაც მომენტში შეიძლება მან გეზი გამყარებისკენ აიღოს, მაგრამ კურსი ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას ნაკლებად ასახავს. ლარის გაუფასურებაც და გამყარებაც ცუდი მანიშნებელია. ეს პროცესი უნდა ხდებოდეს გარკვეულ დიაპაზონში, მაგრამ  კურსი მთავარი იმდენად არაა, როგორც ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. დღესდღეობით ეკონომიკა კომაშია, რაც იწვევს მოკლევადიან ციებ-ცხელებას სავალუტო ბაზარზეც. მოკლევადიანი პროგნოზია, რომ ლარის გაუაზრებელი რყევები გვექნება", - განმარტავს ფინანსისტი.

რაც შეეხება გრძელვადიანი პერიოდის პროგნოზს, ხომიზურაშვილის აზრით, ეკონომიკის შეცვლის მიმართულებით თუ არ იქნება ზომები მიღებული, ეს პროცესი დამთავრდება ჯერ დეფლაციით და მერე უკვე შეიძლება პირდაპირ მაღალ ინფლაციაში გადაიზარდოს. 

,,კურსის როგორც გაუფასურება, ისე ერთი მიმართულებით გამყარება ნორმალური პროცესი არ არის, ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკა  ნელ-ნელა იკუმშება, ფულზე მოთხოვნა მცირდება და ეს პროცესი პრაქტიკულად ღრმა კრიზისით შეიძლება დამთავრდეს. არ არის გამორიცხული, რომ 3-იანი ნიშნულს ისევ ჩამოსცდეს, მაგრამ ეკონომიკისთვის პოზიტივს არ ნიშნავს, რადგან კურსი უკვე არ არის ეკონომიკის მდგომარეობის მაჩვენებელი. სიღრმისეული პრობლემაა ქვეყანაში და კურსის მართვა რეალურად შეუძლებელი ხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები რყევებს ვერ გააჩერებს, დროულად მისაღებია ეკონომიკური რეფორმის პროგრამა, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას იმ პრიორიტეტულ დარგებში, რაც საქართველოს გააჩნია. ცხადია, ეს არ არის ტურიზმი, რაზეც ამდენი წლის განმავლობაში სწორება ჰქონდა სახელმწიფოს", - აცხადებს ხომიზურაშვილი.

ლარის კურსზე საუბრობს ოპოზიციაც. ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, რომელიც ამავდროულად ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელია, პასუხისმგებლობას სებ-ს აკისრებს და ამბობს, რომ ის თავს ვერ ართმევს უმთავრესი ფუნქციის სრულფასოვან შესრულებას - ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system