თავში

ლარის "ოვერშუთინგის" შემდეგ გვენეტაძე კურსის შემოტრიალებას ელოდება

ლარის "ოვერშუთინგის" შემდეგ გვენეტაძე კურსის შემოტრიალებას ელოდება
ლარის ოვერშუთინგის შემდეგ გვენეტაძე კურსის შემოტრიალებას ელოდება

kობა გვენეტაძემ მონეტარულ პოლიტიკასა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე IDFI-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა

კობა გვენეტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და მონეტარულ პოლიტიკაზე ისაუბრა და ის გამოწვევები განიხილა, რომელთა წინაშე საქართველოს ეკონომიკა დღეს დგას. აღნიშნული ღონისძიება სადისკუსიო ციკლის ნაწილია, რომელიც შემდეგი თემატიკის გარშემო ერთიანდება "ეკონომიკის გამოწვევები და შესაძლებლობები Covid-19-ის პანდემიის პერიოდში".

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პანდემიით გამოწვეულ შოკსა და იმ თანმიმდევრულ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას სირთულეების გადალახვაში ეხმარება. მან აღნიშნა, რომ შექმნილმა უპრეცედენტო გარემოებებმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის საგარეო შემოსავლებზე, სავალუტო ბაზარზე, ინფლაციასა და, ზოგადად, ეკონომიკურ აქტივობაზე. მან დღეს არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება - პანდემიური ვითარება გრძელდება, ამას ემატება თურქეთში მიმდინარე მოვლენები, რაც სავალუტო ბაზარზე გადაჭარბებულ მერყეობას აჩენს. გვენეტაძე ამტკიცებს, რომ ასეთ დროს გაცვლითი კურსის ჭარბ გაუფასურებას, ე.წ. "ოვერშუთინგს", შემდეგ გაცვლითი კურსის კვლავ შემოტრიალება მოყვება, რასაც, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციებისათვის მზადყოფნაც დაეხმარება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დედოლარიზაციის პოლიტიკის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მსგავსი შოკების დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

"თუკი ქვეყანას სურს ჰქონდეს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და კაპიტალის მობილობა, მაშინ კურსის მოქნილობა აუცილებელი ელემენტია. საერთაშორისოდ აღიარებული აზრია, რომ დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და კაპიტალის მობილობა ქვეყნებისთვის, მათ შორის მცირე ზომის ღია ეკონომიკებისთვის, ეკონომიკის სტაბილურად მაღალი ზრდის აუცილებელი პირობაა. მისი დათმობა ბევრად უფრო დიდი დანაკლისი იქნებოდა ეკონომიკისთვის- შემოსავლებისა და დასაქმების კუთხით, ვიდრე კურსის მოქნილობიდან მომდინარე ხარჯებია. თავის მხრივ, ამ ხარჯების შემცირებაში კი სწორედ დედოლარიზაცია გვეხმარება",- აღნიშნა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დოლარიზაციის მაღალი დონეა.

"საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დოლარიზაციის მაღალი დონეა. ბოლო პერიოდში მიმდინარე საგარეო შოკები და გაცვლითი კურსის ტენდენციები ნათლად გვაჩვენებს, რომ დედოლარიზაცია აუცილებელია. რომ არა ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, დღეს უფრო მძიმე ვითარების წინაშე აღმოვჩნდებოდით, ჯამურად ეკონომიკა უფრო დიდ ზარალს მიიღებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკურის პირების სესხების გაზრდილი ლარიზაცია, რამაც ფიზიკური პირები გაუფასურებული კურსის გავლით გაზრდილი სესხის მომსახურების წნეხისაგან დაიცვა და ფინანსური სტაბილურობის რისკები შეამცირა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ონლაინ შეხვედრაში სამთავრობო სექტორის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეკონომიკურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გამოსვლის დასრულების შემდეგ, აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system