თავში

ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს - კობა გვენეტაძე

ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს - კობა გვენეტაძე
ლარიზაციას ალტერნატივა არ აქვს - კობა გვენეტაძე

"ლარიზაციის პოლიტიკა ყოველთვის იმ გარემოებებიდან გამომდინარე ხორციელდებოდა, რაც ქვეყანაში იყო," - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ლარიზაციის პროგრამის შეჩერების მომხრეებს. 

„საუბარი იმაზე, რომ ლარიზაციის პოლიტიკა ჩქარი ან ნელია, სწორი არ არის. ეს ყოველთვის გამოზომილი და იმ სიტუაციასთან შესაბამისი იყო, რაც ქვეყანაში გვქონდა. ლარიზაციის პოლიტიკის არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ყოველთვის დამოკიდებული არ ვიყოთ ლარის კურსზე“,-განაცხადა გვენეტაძემ.

ლარიზაციის შეჩერებას რეკომენდირებენ.  ფინანსისტების შეფასებით, ლარიზაციის შერბილება, თუნდაც დროებითი, სავალუტო ბაზარზე ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. მათი განცხადებით, ასეთი ზედაპირული, ცალმხრივი მიდგომა ეკონომიკურ გარემოს დააზარალებს. ასე ფიქრობს ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, ლარიზაციის უფრო მეტად გამკაცრება ეკონომიკური გაჯანსაღების მხრივ დადებით გავლენას მოახდენს და ამ მიმართულებით უფრო შესაძლებელია მივიღოთ ზომები, ვიდრე პირიქით, ლარიზაცია შემსუბუქდეს და ამან სავალუტო ბაზარზე ნეგატიური პროცესები გაღრმავდეს.

საბანკო სექტორი ითხოვს შემსუბუქდეს ლარიზაციის პროცესისთვის გადადგმული შეზღუდვები, რაც მოკლევადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. მოთხოვნილია 200 ათას ლარიანი ჭერის შემცირება და სავალუტო მოზიდვაზე რეზერვის მოთხოვნის შემსუბუქება. რაც შეეხება, დოლარიზაციის დონეს, ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2016-2020 წლებში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა. მათივე განმარტებით, დედოლარიზაცია და ლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელია, თუმცა ადვილი შესასრულებელი არაა. სებ-ის განმარტებითვე, დედოლარიზაციის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული.

საქართველოს პირველი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამტკიცებს, რომ ასეთ დროს გაცვლითი კურსის ჭარბ გაუფასურებას, ე.წ. "ოვერშუთინგს", შემდეგ გაცვლითი კურსის კვლავ შემოტრიალება მოყვება, რასაც, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციებისათვის მზადყოფნაც დაეხმარება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დედოლარიზაციის პოლიტიკის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მსგავსი შოკების დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.36 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მარტისათვის 36.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.14 მლრდ ლარით, ანუ 3.28%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა 2017 წლის იანვარში დაამტკიცა. შედეგად, 200 000 ლარამდე სესხების გაცემა ბანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system