თავში

ლარს ვერც ინტერვენციები გაამყარებს

ლარს ვერც ინტერვენციები გაამყარებს
ლარს ვერც ინტერვენციები გაამყარებს

ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარების დანიშნულება არაა, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე აუცილებელი იყო, რადგან  ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება.  „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 3.45 ლარს გადააჭარბა, ხოლო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 3.50-ს მიაღწია. სპეციალისტები ინტერვენციების გარდა, გაუფასურების შეჩერების სხვა რესურსს ვერ ხედავენ. თუმცა, ამ მექანიზმის გამოყენებითაც, როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, კურსი 3,38-3,40-იან მაჩვენებელზე დაბლა ვერ ჩამოვა დიდი ხნის განმავლობაში. როგორც ანალიტიკოსი ვარაუდობს, ამ ტრაექტორიას  ლარი, სავარაუდოდ, 5 აპრილიდან დაიჭერს, მაგრამ ეს არ იქნება გამყარების პროცესი.

,,ეროვნული ბანკი ინტერვენციას ყოველთვის აგვიანებს, არადა, იცის, რომ მაინც მოუწევს, საბოლოოდ დიდი მოცულობით მოუწევს რეზერვების ხარჯვა და გაუფასურებულ კურსს ამით დიდად ვერ უშველის. საქმე ისე მიდის, რომ 3,40-3,42-იანი ნიშნული უნდა ვინატროთ. 3,50-ს მიუახლოვდა კურსი, უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი ჩაერთო. სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე გავაკეთეთ განცხადება, რომ დროულად უნდა მიემართათ ინტერვენციებისთვის. მესმის, ეროვნული ბანკის სხვა განცხადებების,რომ  აკვირდება დინამიკას, არ უნდა, რომ რეზერვები გამოელიოს, მაგრამ როცა დრო არ ითმენს და ვალუტის გაუფასურება პირდაპირპროპორციულია საკვების ფასებსზე და მოსახლეობას უძვირდება პროდუქცია და ყიდვის საშუალება არ აქვს, ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სებ-ის უშუალო ვალდებულებაა ფასების სტაბილურობა და ვხედავთ, რომ არ გვაქვს, კატასტროფული გაძვირებაა. ფასების დაწევაზე საუბარი ნაადრევია", - აცხადებს report.ge-თან ნიკა შენგელია, რომლის ვარაუდითაც, შექმნილ სიტუაციაში სებ-ს მოუწევს საპროცენტო განაკვეთებს გაზრდა და, შესაბამისად, მოიმატებს ინფლაციის მაჩვენებელიც.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ლარის გაუფასურებას ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს და დაძენს, რომ სებ-ი პროცესში უფრო აქტიურად უნდა  ჩაერიოს.

„ლარის კურსი გამოხატავს იმ დინამიკას, რაც ეკონომიკაშია -  შემცირებულია ინვესტიციები, ექსპორტი, ტურიზმი და სხვა, ყველა ის წყარო, საიდანაც ქვეყანაში დოლარი  შემოედინება. ემიგრანტების გადმორიცხვების ამარა დავრჩით, ერთადერთი პარამეტრია,ს ადაც ზრდა ფიქსირდება და ამის დამსახურებაა, რომ უფრო დიდი გაუფასურება არ გვაქვს. ბიუჯეტს აქვს დეფიციტი და ის, რომ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. რჩება ერთადერთი რეალური გამოსავალი, რომ ეროვნული ბანკი უფრო აქტიურად ჩაერიოს, განახორციელოს ინტერვერციები, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ბაზარზე შესაბამისი დოლარის მიწოდება. მას გააჩნია შესაბამისი რეზერვები და კარგი იქნება, თუ იზრუნებს ამაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ლარის კიდევ გაუფასურება. ლარს უკვე ინტერვენციებიც ვერ გაამყარებს, მაგრამ შეიძლება გაუფასურების პროცესი გავაჩეროთ”, - ამბობს კაპანაძე.

ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციების საჭიროებაზე საუბრობს ბიზნესიც.  ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსი დამღუპველია და ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებს. მისი განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე მაინც შეინარჩუნოს.

,,ლარი რამდენიმე დღეში 20%-ით გაუფასურდა. ამ ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ვისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს არ ვიცი, ჩვენ აღარ ვიყენებთ," - აცხადებს პაპაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system