თავში

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის წარმოება აღდგება

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის წარმოება აღდგება
ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის წარმოება აღდგება

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო. 

ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. ხორბლის ეს ჯიში გავრცელებული იყო რაჭა-რეჩხუმში, ამჟამად კი, ის გადაშენების პირასაა.

სწორედ ლეჩხუმიდან დაიწყო მანონი ახვლედიანმა ზანდურის სახეობის აღდგენა და პოპულარიზაცია. „თიბისის“ მხარდაჭერით, მან ლეჩხუმის რაიონის სოფელ ღვირიშში ეთნოგრაფიული სივრცე მოაწყო, რომელიც აერთიანებს საოჯახო სასტუმროს „ზანდურის სახლი“, უძველეს მარანს, სადაც ავთენტური გემოების კერძებით გაგიმასპინძლდებიან და ეთნოგრაფიულ მასალებს ზანდურის ჯიშის ხორბლის შესახებ. რაც მთავარია, მანონი ახვლედიანს უკვე მეორე წელია მცირე ფართობზე ზანდურის ჯიშის ხორბალი მოჰყავს.

„ეს უნიკალური ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს თესლის სერთიფიცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში მხოლოდ აქ, ჩვენს რეგიონში მოყვანილ ზანდურს შეიძენენ. საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს სახელი აღიდგინოს“, - აცხადებს მანონი ახვლედიანი.

ახლა მეწარმე ხორბლის მესამე მოსავლის დასათესად ემზადება, მიღებულ თესლს ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ურიგებს, რითაც ლეჩხუმში ზანდურის გავრცელებას უწყობს ხელს. ზანდურის საწარმოო გამოყენებისთვის და მისგან პურის დასამზადებლად ორი რამ არის აუცილებელი: ერთი, მოსავლის რაოდენობის გაზრდა და მეორე, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორბალი დაიცეხვება. მანონი ახვლედიანის უახლოეს ბიზნეს გეგმებში სწორედ ეს მიზნები შედის.

შეგახსენებთ, სახელმწიფომ ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა. იუნესკოში წარსადგენ განაცხადს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერეს.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ხორბლის დაცვის ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული ხორბლის კულტურა უკვე ეროვნული კატეგორიის ძეგლია და მალე ის საერთაშორისო კატეგორიის ნაწილიც გახდება.

ისტორიულად, საქართველო ახლო აღმოსავლეთში რბილი ხორბლის წარმოების და მოშინაურების ერთ-ერთი მთავარი კერაა, შესაბამისად, ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების დაცვას, აღდგენას და მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ქართული ხორბლის კულტურას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წელს მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი. 2019 წლის 25 მარტს „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატისი აქვს  "ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში". 

იუნესკოს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციას საქართველო 2007 წლიდან შეუერთდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კონვენციის ქვეშ არსებული მსოფლიო წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს ოთხი ელემენტია აღიარებული: „ქართული მრავალხმიანობა“ (2001, 2008), „ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი“ (2013), „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ (2016) და „ქართული ჭიდაობა“ (2018).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system