თავში

"ლელო" ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობას უნდობლობას უცხადებს

"ლელო" ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობას უნდობლობას უცხადებს
ლელო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობას უნდობლობას უცხადებს

"ლელოს" ერთ ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე დღეს მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის შესახებ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ პორტის აშენება მართლა სურთ, საქარტველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აბსურდული საქმე, სერიოზულად დაელაპარაკოს არსებულ ინვესტორებს, დაარწმუნოს ისინი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში და, მიქაუტაძის მტკიცებით, პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში განახლდება. 

" ანაკლიის ინვესტორმა: - განახორციელა 70 მლნ $ ოდენობის ინვესტიცია; - შეასრულა ჭაობის დაშრობისა და ზღვის დაღრმავების სამუშაოების დიდი ნაწილი;

- მოიზიდა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და ჩართო წამყვანი ქვეყნების მთავრობები (აშშ, იაპონია და ა.შ.);

- მოიზიდა 4 საერთაშორისო ბანკი, რომლებიც მზად არიან 400 მლნ $-ის ინვესტირებისთვის.

მთავრობამ: - ბანკებთან ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 თვით ადრე, მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ აღძრა აბსურდული საქმე, რომელსაც დაზარალებული არ ყავს;

- უარი უთხრა ინვესტორ ბანკებს 50 მლნ $-იან საგარანტიო წერილზე;

- არც კი დაუწყია გზისა და რკინიგზის მიყვანა. ამ სიტუაციაში, ახალი კვლევების ჩატარება (რომელსაც მთავრობა ტენდერის გარეშე ატარებს), ახალი ფიქტიური ტენდერის გამოცხადება და ინვესტორის ვითომდა ძებნა არის მხოლოდ დროის გაწელვა და ხალხის მოტყუება," - ამბობს მიქაუტაძე.

"ლელოს" კიდევ ერთ წევრი ლანა გალდავა ხელისუფლებას ახსენებს, რომ  ხელისუფლებას, რომ წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. მისივე თქმით,დღეს ქალაქი ანაკლიის (Anaklia City) უწყვეტი მშენებლობის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა ხელოვნურად შექმნილმა პრობლემებმა, გალდავას აზრით, პროექტი დააპაუზა. 

"დღეს, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გლობალურ მოთამაშედ, რეგიონალურ ლიდერად უნდა ვყალიბდებოდეთ და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას უნდა ვაგებდეთ. ანაკლია ხიდი უნდა ყოფილიყო ჩვენ აფხაზ ძმებთან ურთიერთობის და ქვეყნის გაერთიანების საკითხებში. დღეს, ბიუჯეტს მძლავრი არტერია უნდა ქონოდა ანაკლიის პორტიდან და ქალაქი ანაკლიიდან. დღეს, ანაკლიაში ახალგაზრდების მუდმივი მიგრაციის და ტექნოლოგიურ ჰაბად ქცევის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. დღეს, საოკუპაციო ხაზს იქით მდგარი ოკუპანტი უნდა ხედავდეს აგუგუნებულ ქალაქს და ღრმაწყლოვან პორტს. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ თქვენ ხომ იმ ნარატივის მიმდევრები და განმახორციელებლები ხართ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა: ,,რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” - მიმართავს გალდავა მთავრობას. 

ცნობისთვის, "ლელო" და მისი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ანაკლიის პორტი "ოცნების" ხელისუფლებამ მოკლა. ხაზარაძე ირწმუნება, რომ ანაკლიის პორტის შეჩერების მიზანი "ლელოს" პოლიტიკური განეიტრალებაა. მამუკა ხაზარაძე  "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელია.  სწორედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა პორტი, თუმცა 9 იანვარს მთავრობამ მას ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

2020-25 წლებში საქართველოში დაგეგმილ $20-25 მლრდ საინვესტიციო პროექტებში ანაკლიის პორტის პროექტიც შეტანილია და მასზე 1.7 მილიარდია გათვალისწინებული..

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება. პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც. მთავრობა იმედოვნებს, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესის გააქტიურდება დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც დააანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებითა და ღრმაწყლოვანი პორტის არქონით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system