
"მშრომელი გლეხის გრძნობებზე თამაში ამორალურია," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წლევანდელი რთველის შეფასებისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, აგიტატორების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის გაღვივება ხდება, თუმცა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, რთველი წელს მაინც წარმატებით ჩაივლის.
მისივე თქმით, გლეხებს ყურძბის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ.
„თავიდანვე განვსაზღვრეთ ის პირობები, რომ მოსახლეობა დაზღვეული ყოფილიყო მინიმალური რისკებისგან. 80 თეთრიანი პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ, შესრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. ნაბიჯები გადადგმული იყო, რომ ქართული კომპანიების მსყიდველობითი უნარი კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების პირობებში გაზრდილიყო. ასე რომ, დღეს მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვს. რთველი ახლახანს დავიწყეთ, აქტიურ ფაზაში არაა შესული. მოსავალი რეკორდულია. ის სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ გაწია, იმედს გვაძლევს, რომ რთველი ჩაივლის წარმატებით, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მოსახლეობის გრძნობებზე თამაში პოპულარული გახდა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში. ყოველდღიურად მომდის ინფორმაცია, ე.წ. აგიტატორების თუ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახ-ოჯახ ვიზიტების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას ცრუ მოლოდინებს უქმნიან, ცდილობენ ააბუნტონ, საპროტესტო მუხტი შექმნან. ვფიქრობ, ეს ამორალურია. მშრომელი გლეხის გრძნობებზე თამაში, რომ მეტი მოითხოვეთ და მოგეცემათ და სპეკულაციის შემთხვევაში შეიძლება მეტი მიიღოთ, ეს უსაფუძვლო და მავნებლურია “,- აღნიშნა მინისტრმა.
ბელა გელაშვილი
ავტორი