თავში

"ლოკდაუნი“ არ არის გამოსავალი - რესტორატორთა ასოციაცია

"ლოკდაუნი“ არ არის გამოსავალი - რესტორატორთა ასოციაცია
ლოკდაუნი“ არ არის გამოსავალი - რესტორატორთა ასოციაცია

ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება, თუმცა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ვაქცინაცია ტურიზმის აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს, თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება.  შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს.

„გინდ ვაქცინა გაგიკეთებია, გინდ არ გაგიკეთებია, თუ სფერო აღარ იარსებებს. დღეს შეზღუდვები გვაქვს 21:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან აუცილებლად დაისმება. ამ თემაზე დღეს არ ვმსჯელობთ, დიდი ხანია ვმსჯელობთ. გარკვეულწილად ვაქცინაცია შეიძლება დაეხმაროს ამ ნაბიჯის გადადგმისთვის სახელმწიფოს - აღნიშნულ სფეროში თუ ვაქცინირებულთა რაოდენობა დიდ პროცენტს მოიცავს, მარტივი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ და დასძენა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად სრული ჩაკეტვის მოლოდინი არ აქვს, რადგან სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს.

„მოლოდინი სრული ჩაკეტვის არ მაქვს, რადგან ეს წარმოუდგენელია, სახელმწიფო ამას ვერ გადაიტანს. ჩვენ ყოველთვის ვაჟღერებდით, რომ „ლოკდაუნი“ არ არის გამოსავალი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შეკავება რაღაც პერიოდით და შემდეგ ეს ისევ განვითარდება. ჩვენ კი არ ვისწავლეთ კოვიდის პირობებში ცხოვრება, არამედ ვისწავლეთ კოვიდისგან დამალვა, რაც ვერაფერს ვერ მოიტანს,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები განიხილება.

ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

რეგიონში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოშია.  წინა შეზღუდვების შედეგად (პირველი ლოკდაუნი) ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა. საქართველოში შეზღუდვების მეორე ტალღა "ზედმეტად მკაცრად" შეფასდა. საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავს 16 მლნ ლარს. ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა. ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიური ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც ციკლურ და არც სტრუქტურულ მოვლენას. ეს არის სრულიად ახალი ფენომენი, რომელიც ასახავს სიცოცხლისათვის უაღრესად საშიში დაავადების - COVID-19-ის „ტყვეობაში“ მოქცეული ეკონომიკის რეაქციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system