თავში

Made In Georgia - რით ამაყობს ეკონომიკის მინისტრი

Made In Georgia - რით ამაყობს ეკონომიკის მინისტრი
Made In Georgia - რით ამაყობს ეკონომიკის მინისტრი

"დღეს აცვია არაერთ ცნობილ ფეხბურთელს, ცნობილ სპორტსმენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მას აწერია made in georgia, ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ.," – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავში განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა,როცა მსოფლიო ებრძვის კოვიდს, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ახალი ინვესტიცია, მაგრამ ეს ინვესტიცია არის განსაკუთრებული იმით, რომ „აჭარა ტექსტილის“ ჯგუფი, რომელიც დღემდეც ასაქმებს 4000-მდე ადამიანს, აქ ქმნის ძალიან მსხვილ საწარმოს, სადაც 3000 თანამემამულე დასაქმდება. 

"ოთხ თვეში უნდა დასრულდეს მშენებლობა. მთლიანობაში „აჭარა ტექსტილის ჯგუფი“ არის თურქული ინვესტიცია, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და მათი ინვესტიციების ოდენობა საქართველოში, თუ ჩავთვლით იმ სამ საწარმოსაც, რომელიც მუშაობს ამ ჯგუფის შიგნით, არის 350 მლნ ლარი. ამ ნიშნულს მიაღწევს მთლიანობაში ამ ჯგუფის ინვესტიციები საქართველოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საექსპორტო წარმოება და საქართველოში შეკერილი ფორმა, მათ შორის სპორტული ფორმა, დღეს აცვია არაერთ ცნობილ ფეხბურთელს, ცნობილ სპორტსმენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მას აწერია made in georgia, ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. ამიტომაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით, ყოველთვის ეხმარება და დაეხმარება ქართული წარმოების განვითარებას, ახალი ინვესტიციების ჩადებას ქართული ნაწარმის ექსპორტში და ქართული წარმოების შემდგომ აღორძინებაში“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ პანდემიის პერიოდში ქვეყანაში პირბადეების დეფიციტის გასანეიტრალებლად, კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო პირბადეების კერვის სახელმწიფო პროგრამაში და სამი მილიონი პირბადე შეკერა.

შპს „ქართლი ტექსტილს“ რუსთავში სამკერვალო საწარმოს მშენებლობა/მოწყობისთვის სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, სადაც სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი.

„აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი. კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება “New Balance” და “Under Armour”. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

საწარმოს მშენებლობის გახსნის პროცესს დღეს პრემიერი გახარიაც დაესწრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system