თავში

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს

მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს
მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს

მაგთიკომი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ბატონი კახა ბექაურის 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. "ბატონმა კახა ბექაურმა 2021 წლის 23 ივნისის ინტერვიუში, კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა როგორც საკუთარი არაკომპეტენტურობა, ასევე მაგთიკომის საჯარო განცხადებებში დაფიქსირებული საკითხების მართებულობა. პირველ რიგში, ბატონ ბექაურს მოვუწოდებთ კონკრეტულად მიუთითოს მაგთიკომის საჯარო განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეიცავს „დაუსაბუთებელ ბრალდებებს“ და მის „პერსონალურ ცილისწამებას“. მისი მხრიდან ამ მოწოდების იგნორირების შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ნათელი გახდება თუ ვინ არის დაკავებული „დაუსაბუთებელი ბრალდებებით" , - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანია კახა ბექაურის მიერ მაგთიკომისათვის წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება:


"რაც შეეხება ინტერვიუში ბატონი ბექაურის მიერ მაგთიკომის მიმართ დაფიქსირებული ბრალდებების ძირითად პათოსს, მისი სიტყვებით:

„მაგთიკომს არ მოსწონს კომისიის მიერ ისეთი გარემოს შექმნა, რომ ბაზარზე გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები და წახალისდეს კონკურენცია“ (ვთხოვთ ბატონ ბექაურს მიგვითითოს მაგთიკომის საჯარო განცხადებაში ან მაგთიკომის ქმედებებში ასეთი სად/როდის დაფიქსირდა?);

„ის (გულისხმობს მაგთიკომს) ცდილობს, თავისი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს ბაზარზე შემოსვლის მსურველებს“ (ბატონმა ბექაურმა მიგვითითოს მაგთიკომის საჯარო განცხადებაში ან მაგთიკომის ქმედებებში ასეთი სად/როდის დაფიქსირდა?);

„ჩვენ მოვუწოდებთ „მაგთიკომს“ დაუსაბუთებელი განცხადებებიდან კონსტრუქციულ, საქმიან თანამშრომლობის რეჟიმზე გადმოვიდეს“ - მაგთიკომის თითოეული განცხადება გამყარებულია შესაბამისი არგუმენტებით, დასაბუთებით და დეტალური წყაროების მითითებით ანუ დოკუმენტებით. სწორედ ეს არის კონსტრუქციულობა და საქმიანი მიდგომა!

მაგთიკომისთვის ნაწილობრივ გასაგებია ბატონი ბექაურის „პიარული ხრიკების“ უსუსური მცდელობები. თუმცა, გვინდა იგი დავარწმუნოთ, რომ მსგავსი მიდგომები ვერ ფარავს მის არაკომპეტენტურობას და დარგის მუშაობის ელემენტარული პრინციპების არ ცოდნას. სწორედ მის პირად შეუვალობას მიყავს სატელეკომუნიკაციო დარგი და დარგის ეკონომიკა განადგურებისაკენ. ის, რასაც და როგორც ბატონი ბექაური აკეთებს არის დაშორება ევროპის საუკეთესო პრაქტიკებთან და არა სწრაფვა მათთან დაახლოებისკენ. ცინიზმის ნათელი მაგალითია ევროპული პრაქტიკის მოშველიება საკუთარი უკანონო გადაწყვეტილებების გასამართლებლად, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო წარმატებულ ევროპულ პრაქტიკასთან. მაგთიკომის საჯარო განცხადებები და ღიად, კონსტრუქციულად საუბარი დარგში არსებულ პრობლემებზე განპირობებულია იმით, რომ კომუნიკაციების კომისია არსებითად შორდება ევროპულ ოჯახს და მოქმედებს მათი საუკეთესო პრაქტიკის საპირისპიროდ", - ვკითხულობთ მაგთიკომის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system