თავში

მაია ცქიტიშვილი: საქართველო ღვინის აკვანია, ამდენად, ჩვენთან ბიზნესის კეთება რენტაბელურთან ერთად სასიამოვნოც არის

მაია ცქიტიშვილი: საქართველო ღვინის აკვანია, ამდენად, ჩვენთან ბიზნესის კეთება რენტაბელურთან ერთად სასიამოვნოც არის
მაია ცქიტიშვილი: საქართველო ღვინის აკვანია, ამდენად, ჩვენთან ბიზნესის კეთება რენტაბელურთან ერთად სასიამოვნოც არის

საქართველომ საქმით და მრავალი მიღწეული წარმატებით უკვე დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლება მთავრობა საუკეთესო მასპინძელი გახდეს ინვესტორებისთვის და როგორ შეიძლება მთავრობამ და ქვეყანამ შეცვალოს პოლიტიკა ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე- პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, მაღალი დონის სადისკუსიო პანელზე – „ზრდის სტიმულირება: შესაძლებლობები ინვესტორებისთვის” გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. 

„ჩვენ ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმები და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა გაგვაჩნია. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით. ჯამში ექვსი გადასახადი გვაქვს, ხოლო რეინვესტირებული მოგების გადასახადის განაკვეთი ნულოვანია. ძალიან მარტივი მარეგულირებელი ნორმები მოქმედებს საბაჟო სისტემაში. გვაქვს ძალიან ღია ეკონომიკა. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები გვაკავშირებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ჩინეთთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ინდოეთთან მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს. საქართველოში თქვენი ბიზნესის წამოწყებით წვდომა გექნებათ 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზარზე. საქართველო რეგიონში ქვეყნების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას ემსახურება. ინვესტორებს საქართველო ძალიან ცოცხალ გარემოს სთავაზობს, რადგან კავშირებს თავისი ბიზნესშესაძლებლობები ახლავს თან. კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველო ღვინის აკვანია, ამდენად, საქართველოში ბიზნესის კეთება არა მარტო რენტაბელური და პროგნოზირებადია, არამედ სასიამოვნოც არის”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეგიონის ენერგეტიკულ ცენტრად, ბიზნესისა ან ფინანსური სერვისების ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე. პანელურ დისკუსიაში საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ლონდონში, EBRD-ის შტაბ-ბინაში იმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system