თავში

მარიამ ჯაში: 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ხელფასს მიიღებს

მარიამ ჯაში: 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ხელფასს მიიღებს
მარიამ ჯაში: 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ხელფასს მიიღებს

მარიამ ჯაში განათლების რეფორმის ხელშესახებ მიღწევებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველო ქმნის უნიკალურ მოდელს - ერთის მხრივ, დამსახურებული კადრების დასაფასებლად და ,მეორეს მხრივ, ახალგაზრდა პროფესიონალების აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასართავად. ჯაშმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამას. ჯაში დარწმუნებულია, რომ საპენსიო ჯილდოს ინიციატივა გახდება მაგალითი, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს და გაიზიარებს.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს განათლების სექტორში მიმდინარე მასშტაბური რეფორმის უწყვეტობა და დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის გარანტიები. რამდენიმე კვირაში 30,000-ზე მეტი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ხელფასს და ათასობით დამსახურებულ მასწავლებელს ღირსეულად გავაცილებთ საპენსიო ჯილდოს გადაცემით. ამასთან განათლების სისტემის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ანალოგიურ მიდგომაზე კულტურის სფეროში და სხვა საჯარო სექტორში დასაქმებული დამსახურებული საპენსიო ასაკის კადრებისათვის," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სკოლების შემდეგ საბავშვო ბაღების დაფინანსების ზრდის აუცილებლობასაც. აქვს პარლამენტის წევრმა სიამაყით აღნიშნა, რომ შედეგადაც საქართველო გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპული რეესტრისა და ევროპული ასოციაციის წევრი.

"უაღრესად მნიშნელოვანია, რომ იზრდება ინვესტიციები მეცნიერების განვითარებისათვის და რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ასახავს ქართული მეცნიერების განვითარებისათვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს. კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა პასუხობს საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. ამასთანავე ფონდი შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ეფექტურად ვმართოთ და გავაძლიეროთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ქართული კინო, ქართული თეატრი და კულტურის სფეროს სხვა დარგები. აქვე გიდასტურებთ პირადად ჩემი და ჩვენი კოლეგების მზაობას, თუკი თქვენი პრემიერ მინისტრობის დროს იქნება მიღებული გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - გაერთიანებული უწყების გაყოფაზე, მხარი დავუჭიროთ დეზინტეგრაციის პროცესს. თუკი მიზანია ადმინისტრაციული მმართველობის ოპტიმიზაცია - შეგვიძლია ვიფიქროთ კულტურისა და ტურიზმის უწყებების გაერთიანებაზე, მითუმეტეს რომ ტურისტული ნაკადების მზარდ სტატისტიკაში წამყვანი წილი - 75% სწორედ კულტურის სფეროს უჭირავს," - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ჯაშმა მთავრობის წევრების და კანოპნდებლების ყურადღება მიაპყრო წლების მანძილზე მოუგვარებელ პრობლემებზე, რომელიც უსწრაფეს რეაგირებას საჭიროებს:

"1. წლებია ვაყენებთ რამდენიმე უმწვავეს ინფრასტრუქტურულ პრობლემას, რომელიც ეხება არამხოლოდ კონკრეტულ შენობებს, არამედ ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და კულტურულ იდენტობას. გთხოვთ სასწრაფოდ ვიპოვოთ გამოსავალი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობებთან დაკავშირებით. ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მეცნიერებს და შეუფასებელ ხელნაწერებს, ჩვენ საუკუნოვან მემკვიდრეობას. 2. კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობის პრობლემას, სადაც 2000 ბავშვი სწავლობს. ზოგადად, რეგიონებში პრობლემურია მოსწავლე ახალგაზრდობის სახლები, თუმცა ქუთაისის შენობა არის ერთ-ერთი უმწვავესი და გთხოვთ თქვენ პირად მხარდაჭერას ამ საკითხში. 3. მისასალმებელია, რომ ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების დასაფინანსებლად შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი საკუთარი ფინანსების 10%-ს გამოყოფს. თუმცა უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი საზღვარგარეთ. მაგალითისათვის, მიზნობრივი მხარდაჭერა სჭირდება ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქართველოლოგიის ცენტრებს დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში," - აღნიშნა დეპუტატმა.

გამოსვლის დასასრულს, ჯაში ოკუპაციის მტკიცვნეულ საკითხსაც შეეხო.

"არ შეიძლება არ გამოვეხმაუროთ ოკუპაციის თემას. თქვენ აღნიშნეთ, რომ არამხოლოდ ტერიტორიები - საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული. დიახ, ოკუპირებულია საქართველოს ადამიანური კაპიტალის 20% და მომავალ წელს გალში სკოლას დაამთავრებს ბოლო კლასი, რომელიც ქართულად სწავლობდა. დაბოლოს, გიდასტურებთ მჭიდრო თანამშრომლობის მზაობას, როგორც სახელმწიფო პროექტების, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მობილიზაციის კუთხით,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system