თავში

მარნეულის ბაზარი გაიხსნა

მარნეულის ბაზარი გაიხსნა
მარნეულის ბაზარი გაიხსნა

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ მარნეულის ღია ბაზარი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„თქვენ ხედავთ, რომ მარნეულის მწვანე ბაზარი აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის მის წინაშე დაყენებული. ხალხს უკვე შვება მიეცა და აღარ იქნება უკვე მარნეულში იმის საშიშროება, სად წაიღოს ხალხმა თავისი მოწეული პროდუქცია, სად უნდა გაყიდოს. ეს ბაზარი უკვე იმუშავებს რეგულარულად“, – განაცხადა თამაზ ნავერიანმა.

მარნეულის ბაზრის გახსნით კმაყოფილია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალიც.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცენტრალური შტაბის, გუბერნიისა და თვითმმართველობის ჩართულობით, დღეს აღნიშნულ ბაზარში ყველა რეგულაცია არის დაცული. თქვენ ხედავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. თვითონ გაყიდვის პროცესში დაცულია შესაბამისი რეკომენდაციები, დისტანცია. ყველანი ჩართული ვართ, რათა ის რეკომენდაციები, რომლებიც მოდის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, იყოს დაცული 100 პროცენტით“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის აგრარულ ბაზარში იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილიც. 

„დაცულია ყველანაირი სოციალური დისტანცია. დაცულია ასევე ავტომობილებს შორის დისტანცია. ტარდება დეზინფექცია ყველა შემოსულ ავტომობილზე, ასევე ხდება თერმოსკრინინგი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ აქ რამე პირობები დაირღვეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკარანტინო რეჟიმი არ ირღვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში. ეს ხაზგასასმელია და არ დავუშვებთ, რომ ეს რეჟიმები დაირღვეს," - აღნიშნა პავლიაშვილმა და დასძინა, რომ სარეალიზაციოდ, დღეის მდგომარეობით, 400 ტონაზე მეტი კიტრია გასული. 

"მხოლოდ გუშინ 100-მდე მიკროავტობუსი იქნა გასული ანუ მოხდა ბაზრის დივერსიფიცირება. ფაქტობრივად ხდება ყველანაირი მოსავლის გაწოვა ადგილიდან. ყველაფერს გააკეთებს საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამხარეო ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტი, რათა მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ როგორც მოსავლის აღებაში, ასევე რეალიზაციაში“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრობები მთელ ქვეყანაში გაიხსნა.

შეგახსენებთ, წინა კვირას მარნეულის მოსახლეობამ აქცია გამართა და საკარანტინე პირობები, კერძოდ, საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა, გააპროტესტა. 

ფერმერები ამბობდნენ, რომ მოწეულ მოსავალს ვეღარ ყიდნენ და პროდუქტები ულპებოდათ. 

ადგილობრივი მთავრობა ფერმერებს პროდუსქციის რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა და აქცია ამ შეთანხმებით დასრულდა.

მკაცრ საკარანტინე ზონაში შევიდა კიდევაც რამდენიმე ათეული მანქანა პროდუქციის გამოსატანად, თუმცა ფერმერები ჩასაბარებელი ფასის უკმაყოფილონი იყვნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი თქვა, რომ კომპანიები ფერმერებისგან ადგილობრივი წარმოების ფასს კონკურენტულ და რეალურ ფასად იბარებენ. მინისტრის თქმით, მთავრობა ფერმების მხარდასაჭერად მაქსიმუმს აკთებს და კარანტინის პირობების მიუხედავად ქვეყანაში ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა.

დავითაშვილმა ფერმერებს სოლიდარობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system