თავში

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა
მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა

ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის პირველ კვარტალში წლიურად 1.2%ით გაიზარდა და 3.4 ტვტ.სთ შეადგინა. ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება პროგნოზირებულ 5%-ს, თუმცა აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის ზრდას (-0.6% წ/წ). 

ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად შესაბამისად 3.6% და 8.3%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად მოდიოდა პირდაპირ მომხმარებლებზე; ასევე გაზრდილია ამ პერიოდის საყოფაცხოვრებო მოხმარებაც. 

2019 წლის მარტში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა, რაც, ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით,  კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებითაა განპირობებული.

"მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა არც მარტში, რადგან დიდი ინდუსტრიული მომხმარებლები პანდემიის პირობებშიც აგრძელებდნენ ყოველდღიურ საქმიანობას," - აღნიშნულია კვლევაში. 

როგორც Galt & Taggart-ის მკვლევარების შეფასებით, მომხმარებელთა ცალკეულ კატეგორიებში მოხმარების ტენდენციები საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარეობს. 

კვლევის მიხედვით, კვალიფიციური (პირდაპირი მომხმარებლები) საწარმოების მოხმარება 2020 წლის პირველ კვარტალში წლიურად 52.8%-ით გაიზარდა, რაც ამ ჯგუფში ახალი კომპანიების დამატებით აიხსნება. იგივე მიზეზით დისტრიბუციის ლიცენზიანტების მოხმარება წლიურად 11.2%-ით შემცირდა. ამ ჯგუფიდან ყველაზე მეტად ენერგო-პრო ჯორჯიას მოხმარება შემცირდა (-17.2% წ/წ), რადგან მისი აბონენტების გარკვეული ნაწილი პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირდა. 

შეგახსენებთ, რომ ბაზრის დერეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის მაისიდან დაიწყო, ყველა კომპანია, რომელთა საშუალო თვიური ელექტროენერგიის მოხმარება აღემატებოდა 5 გვტ.სთ-ს სავალდებულო წესით დარეგისტრირდა პირდაპირ მომხმარებლად. 

"შედეგად, პირდაპირი მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა 2-დან 15-მდე. ამასთან, მათი წილი ქვეყნის მთლიან მოხმარებაში გაიზარდა და თუ 2018 წლის პირველ კვარტალში (დერეგულირების დაწყებამდე) 9.8%-ს შეადგენდა, 2020 წლის პირველ კვარტალში 19.4% მიაღწია," - აღნიშნულია ელექტროემერგიის ბაზრის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა და სპეციალისტების პროგნოზით, მოხმარების კლების ტენდენცია სექტემბრამდე გაგრძელდება.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 78.7% დაკმაყოფილდა ადგილობრივი გენერაციით, ხოლო დანარჩენი იმპორტირებული იყო რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 39.6%ით გაიზარდა და ჯამური მოთხოვნის 21.3% დააკმაყოფილა. იმპორტის ღირებულებამ 29.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 25.7%იანი ზრდაა.

კვლევა აჩვენებს, რომ თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი 11%-ით ნაკლებია საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის წესები მომავალი წლიდან იცვლება. ენერგო პლატფორმების პირველადი გაშვება მოხდება 2020 წლის ივლისში და ერთწლიანი ტესტირების შემდეგ დაიწყება სრულმასშტაბიანი ოპერაციები. საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი ოპერირებას დაიწყებს 2021 წლის ივლისიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system