თავში

მარცვლეულის მოსავლიანობით საქართველო ევროპას 3,5-ჯერ ჩამორჩება

მარცვლეულის მოსავლიანობით საქართველო ევროპას 3,5-ჯერ ჩამორჩება
მარცვლეულის მოსავლიანობით საქართველო ევროპას 3,5-ჯერ ჩამორჩება

მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, საქართველოში 1 ჰა ფართობაზე მარცვლეულის  მოსავლიანობით საქართველო ევროპას 3,5-ჯერ, სხვა აგრაულ კულტურებში უფრო მაღალი მაჩვენებლითაც ჩამორჩება. ამის მიზეზად სილაგავა ცოდნის დეფიციტსა და ტექნოლოგიურ ჩამორჩენას მიიჩნევს, რაც მისი თქმით, დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

,,ბიზნესმა ქცევის წესები შეცვალა. პანდემიამ მოიტანა ის, რომ ყველა ცდილობს საკუთარ თავზე იზრუნოს. იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებს ამ მხრივ დიდი საფრთხე გველის, ამიტომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მოსავლიანობა გავზარდოთ. რაც შეგვიძლია, ვაწარმოოთ პირველადი მოხმარების პროდუქცია, მათ შორის, ხორბალი, სოიო, წიწიბურა და სხვა, პრიორიტეტები გადავალაგოთ სწორად. მეტს ვერაფერს გავაკეთებთ, შემდგომისთვის სტრატეგია უნდა შიცვალოს და ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეეწყოს ხელი. ცოდნა და ტექნოლოგია ამ მხრივ ყველაზე მძლავრი იარაღია. მსოფლიო ბაზარს საგრძნობლად ჩამოვრჩებით მარცვლეულის მოსავლიანობის მხრივ 1 ჰა ფართობზე, 3,5-ჯერ ნაკლები მოსავლიანობა გვაქვს, ვიდრე ევროპას. ეს ჩამორჩენა სწორედ ტექნოლოგიების დეფიტით არის გამოწვეული. ცოდნის და ტექნოლოგიების გამოყენებით თუ ავწევთ მოსავლიანობას, კარგ შედეგს მივიღებთ. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია. სოფლის მეურნეობის განვითარება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს უნდა დაეფუძნოს, რაზეც მუშაობა მიდის", - ამბობს report.ge-თან ლევან სილაგავა.

მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ პირობად  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გაგოშიძე ქარსაფარი ზოლების არსებობას მიიჩნევს. მისი თქმით, სწორად დაგეგმილი და მოწყობილი ქარსაფარი ზოლები ზრდის ნიადაგის და ჰაერის ტენიანობას, აწესრიგებს წყლის რეჟიმს, იქმნება თოვლის დაგროვებისა და ფართობზე თანაბარი განაწილების საშუალებები, იცავს ქარებისგან და საბოლოოდ რეგულარული მოსავლის მიღებას ემსახურება.

,,სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოვლა-პატრონობაში ქარსაცავ ზოლებს წამყვანი დანიშნულება ჰქონდათ. საბჭოთა ეპოქაში საქართველოს მასშტაბით ასეთი სულ 35 ზოლი იყო გაშენებული, რომელთაგან მცირე შემორჩა. ბოლო წლებში გარკვეული ყურადღება ექცევა ქარსაფარი ზოლების აღდგენას, თუმცა მთავარია ხეების სწორად შერჩევა და პროფესიონალების ჩართვა ამ პროცესში. ამ დანიშნულებით მცენარეებიდან ალვის ხე და კანადური ვერხვი გამოიყენებოდა, მაგრამ დაახლოებით 50, მაქსიმუმ, 60 წლის ხნოვანებაში ეს ხე ბერდება, ამიტომ უნდა მოიჭრას და გამოტანილ იქნას და ახლით ჩანაცვლდეს. გასული საუკუნის 90-იან წლებში სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დეფიციტის დროს ამ ხეებს მოსახლეობა გასათბობად იყენებდა და ამის გამო ქარსაცავი ზოლები მასიურად განადგურდა", - ამბობს გაგოშიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებისას.

ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სიმინდის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2.8 ტონაა მაშინ, როცა ევროპაში ის 15 ტონას უტოლდება. 1 ჰეტარზე საქართველოში 2.3 ტონა ხორბალი მოჰყავთ, ევროპაში კი 9 ტონა.

გარდა ამისა, საქართველოში 1 ჰექტარ მოწაზე 2.1 ტონა ქერი იწარმოება, ხოლო ევროპაში 7 ტონა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system