თავში

მავნებელმა ვარვამ მეფუტკრეობა 100 მლნ ლარით აზარალა

მავნებელმა ვარვამ მეფუტკრეობა 100 მლნ ლარით აზარალა
მავნებელმა ვარვამ მეფუტკრეობა 100 მლნ ლარით აზარალა

2020 წელს ქართველი მეფუტკრეები პანდემიამ დააზარალა. შემცირებული მოთხოვნის გამო ქართული თაფლის საბაზრო ღირებულება თითქმის 25%-ით შემცირდა. წელს მეფუტკრეებს პანდემიასთან ერთად ახალი თავსატეხიც გაუჩნდა. საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის ინფორმაციით, მავნებელმა ვარვამ მეფუტკრეებს დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა. პარაზიტის გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების დაღუპვით გამოწვეულმა ზარალმა 100 მლნ ლარს მიაღწია. როგორც ასოციაციაში report.ge-ს განუმარტეს, ზაფხულიდან დღემდე ქვეყანაში 400 000 ფუტკრის ოჯახიდან 50%-ზე მეტი განადგურდა.

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ მავნებელი საწყის ეტაპზე დასავლეთ საქართველოში გააქტიურდა და მთელ საქართველოს მოედო. 

"პარაზიტთან ბრძოლის მეთოდები უკვე მოძველებულია და აუცილებელია დროულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ წამლობის მეთოდები. ზიანი საკმაოდ დიდია," - განუცხადა report.ge-ს თემურ ღოღობერიძემ და დასძინა, რომ აქამდე ასოციაცია მავნებლის საწინააღმდეგო კამპანიას საკუთარი ძალებით ახერხებდა, თუმცა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მათი რესურსები აღარ კმარა პროცესების მართვაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართვას ითხოვს.

„საქართველოში დაახლობით 10 000-მდე მეფუტკრეა და ამ შეხვედრებს 200-მდე მათგანი ესწრება მხოლოდ. ჩატარებული სემინარის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანისთვის დეტალები მაინც გაურკვეველი დარჩა. ჯამში ქვეყანაში არსებული 400 000 ფუტკრის ოჯახიდან თითქმის ნახევარი უკვე განადგურდა. ეს როგორც ფინანსური კუთხით არის მნიშვნელოვანი კრიზისი ასევე პრობლემებს ქმნის იმ მცენარეებისთვის რომელიც დამტვერვის გზით მრავლდება. აუცილებელია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებელთან ბრძოლის საკითხში აქტიურად ჩაერთოს,“ - ამბობს თემურ ღოღობერიძე. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მეფუტკრე ფერმერებისთვის დარგობრივი რეკომენდაციები შემუშავდება.  ფუტკრის დაავადებებთან, მათ შორის, ვარვატოზთან, ბრძოლის და ფუტკრის ოჯახების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით ელექტრონული და ბეჭდური საინფორმაციო მასალები უნდა შემუშავდეს; მეფუტკრე ფერმერებისთვის რეგიონებში ტრენინგები ჩატარდება. მეფუტკრეობის დარგში არსებული გამოწვევები და მეფუტკრე ფერმერთა საჭიროებები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

„ფერმერებისთვის თანამედროვე დარგობრივ ცოდნაზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად ვაგრძელებთ ფერმერთა საექსტენციო მომსახურებას, სადაც დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მეფუტკრეთა ასოციაციის წევრებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system