თავში

მდგრადი ენერგიის კვირეული დაიწყო

მდგრადი ენერგიის კვირეული დაიწყო
მდგრადი ენერგიის კვირეული დაიწყო

22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით საინფორმაციო კამპანია „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ გაიმართება. 

ირგანიზატორი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაა, რომელსაც მხარს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო უჭერს.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, კამპანიის აქტივობების უმეტესობა ჩატარდება სოციალური, სამაუწყებლო და ონლაინმედია პლატფორმების მეშვეობით.

„მდგრადი ენერგიის კვირეულისთვის“ მომზადებული საინფორმაციო აქტივობები მოიცავს სხვადასხვა ფაქტსა და ციფრებს, ვიდეორგოლებს განხორციელებული პროექტების შესახებ, სასარგებლო რჩევებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოში ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია.

„აქ ორი ძირითადი გზავნილია: შემცირდეს ენერგიის მოხმარება და წიაღისეული საწვავი „მწვანე“ ენერგიით ჩანაცვლდეს. ორივე გზას აქვს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური დადებითი მხარეები. საქართველოს გააჩნია სუფთა ენერგიის აუთვისებელი რესურსები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო გახადოს, შეაჩეროს გლობალური დათბობა, გააუმჯობესოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ენერგიის მარაგის, უსაფრთხოებისა და კავშირების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას მისი ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში, რათა ენერგიის მარაგი უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც თითოეული ოჯახისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და მივულოცო საქართველოს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო მდგრადი და მწვანე საქართველოსკენ!“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ. მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიჭარბით, მის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ჩვენ ვახორციელებთ დაბალანსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების მხარდაჭერა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ამ კუთხით ახალი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system