თავში

მძღოლებს პარკირებისთვის თვეში მინიმუმ 120 ლარის გადახდა მოუწევთ

მძღოლებს პარკირებისთვის თვეში მინიმუმ 120 ლარის გადახდა მოუწევთ
მძღოლებს პარკირებისთვის თვეში მინიმუმ 120 ლარის გადახდა მოუწევთ

ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება მძღოლებს მანქანების ხარჯს დაახლოებით 120 ლარით გაუძვირებს. როგორც სპეციალისტები საუბრობენ, ახალი სისტემის შემუშავებით თბილისში პარგინგისთვის ადგილები გათავისუფლდება, მაგრამ შეიძლება მძღოლების უმეტესობამ ამით ვერც კი ისარგებლოს. საუბარია ასევე საზოგადოებრივი ტრანპორტის განვითარებაზე, რაშიც თბილსიის მერია ჯერჯერობით ძალიან სუსტია და მძღოლებს გაჩერებული მანქანების სანაცვლოდ თითქმის ვერაფერს სთავაზობს. 

როგორც გაირკვა, ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება. პირველი 15 წუთი უფასოდ ისარგებლებენ.  

ცვლილება 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და პირველ ეტაპზე ორბელიანის მოედანს და მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა სადგომსაც შეეხება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დათო მესხიშვილის გათვლით, მძღოლებს, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან, თვეში, სულ მცირე, 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო წლიური ხარჯი 1400 ლარს გადააჭარბებს.

,,პარკირების ახალ სისტემაზე გადასვლა ჯერჯერობით მხოლოდ იმით არის კარგი, რომ ადგილებს გაათავისუფლებს. თუმცა, ცხოვრების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ამ შესაძლებლობით ბევრი ვერ ისარგებლებს, მძღოლების ნაწილს მანქანების გაჩერებაც მოუწევს. ასეთ შემთხვევაში გამოსავალია, რომ ალტერნატივა არსებობდეს, რაშიც ნამდვილად არის პრობლემა. თუკი ადამიანი პარკინგის სიძვირის გამო თავისუფლად ვერ ივლის, მერია ალტერნატივის შეთავაზებაში ძლიერი უნდა იყოს. რაც შეეხება ხარჯს, თვეში 120 ლარი უნდა ვივარაუდოთ, ესეც უხეში გათვლით, შეიძლება რეალურად მეტის გადახდაც მოუწიოთ, ხოლო წლიურად 1400 ლარზე მეტი დაეხარჯებათ. ავტომობილის შენახვა ძვირდება და ამ ხალხს რეალურად არჩევანიც არ ექნება, როგორ შეიძლება გადაადგილდეს, დღევანდელი სატრანპორტო სისტემა გაუმართავია. არანაირი ნდობა არ მაქვს, რომ რეფორმა წარმატებით განხორციელდება. ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" პირობებში ამის შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ. თუმცა, თუკი ახალი სისტემას შევაფასებ, უნდა ითქვას, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების მოდელი ბევრ ქვეყანაში არსებობს, ახალი არაფერი გამოგონილა. მეტიც, იდეა პირველად ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოთქვა, მაგრამ მერიის მხრიდან არ იქნა მხარდაჭერილი და პროექტი ჩავარდა. მიჭირს პროგნოზი, რამდენად გაამართლებს, რადგან მთლიანად სატრანსპორტო სფერო არის მოუწესრიგებელი და მანქანების მფლობელებისთვის რეალურად საკმაოდ ბევრი დაბრკოლებაა", - განუცხადა მესხიშვილმა report.ge-ს.

ზონალურ-საათობრივი პარკირების შემოღება მძღოლების უმეტესობისთვის მიუღებელია. ისინი შიშობენ, მანქანების გაჩერება მოუწევთ. თბილისელი იოსებ გამყრელიძის თქმით, გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში ყოველდღიურად გადაადგილდება. ფიქრობს, რომ პარკირების ხარჯს ვერ გაუმკლავდება.

,,მანქანის შენახვა ისედაც ხარჯიანია. ტექდათვალიერება, მეამე პირის დაზღვევის საფასური და სხვა ისეთი ხარჯია, რომელსაც ისედაც გაჭირვებით ვწვდები. ახლა პარკირების ტარიფიც თუ დაემატება, გამოდის, რომ სამასახურში საკუთარი მანქანით ვერ ვივლი. ალბათ, გამოსავალი გამოჩნდება, მაგრამ დღესდღეობით ალტერნატივას ვერ ვხედავ", - ამბობს უკმაყოფილო მძღოლი. 

რაც შეეხება უფასო პარკირებას, ამ შესაძლებლობით მხოლოდ შშმ პირები და ელექტრომობილების მფლობელები ისარგებლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system