თავში

მძღოლთა კომპეტენტურობის ასამაღლებელი ცენტრი ფონიჭალაში აშენდება

მძღოლთა კომპეტენტურობის ასამაღლებელი ცენტრი ფონიჭალაში აშენდება
მძღოლთა კომპეტენტურობის ასამაღლებელი ცენტრი ფონიჭალაში აშენდება

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

გეგმაში გათვალისწინებულია მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა. ცენტრის მშენებლობის საპროგნოზო ბიუჯეტი კი 14 მლნ ლარია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ცენტრზე პასუხისმგებელი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა.

დეტალების გასარკვევად report.ge სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა. 

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს დაახლოებით 20,000 მძღოლია, რომელიც სატვირთო და სამგზავრო მანქანებს მართავს. მათგან მხოლოდ 2,500 -ს აქვს გავლილი თეორიული კურსი, თუმცა საქართველოში ევროდირექტივის შესაბამისი ტრენინგ ცენტრისა და ინფრასტრუქტურის გარეშე, სადაც ისინი შეძლებდნენ პრაქტიკის გავლას, მათთვის შეუძლებელია ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა.

როგორც report.ge-ს სატრანსპორტის სააგენტოშო განუმარტეს, მძღოლების მომზადება საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნებში იდენტური უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი მძღოლები ვერ შეძლებენ, დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში.

"ევროდირექტივის შესაბამისი საკვალიფიკაციო ცენტრი აღიჭურვება რეალური საგზაო პირობების ინფრასტრუქტურის მქონე სპეციალური პოლიგონისთვის განკუთვნილი მანქანა - დანადგარებით. ცენტრი იფუნქციონირებს პრაქტიკული სიმულაციური მოდულები, რომლებიც მძღოლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება. შედეგად, ცენტრის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები ვალიდური იქნება ევროკავშირის ბაზარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი მძღოლები, რომლებიც დასაქმებულნი არიან ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მაღალანაზღაურებად საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებში, ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას, რადგან არ ექნებათ შესაბამისი საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გამოიწვევს აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა კლების საგრძნობ ტენდენციას," - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ცენტრი თბილისთან, ფონიჭალაში აშენდება, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მას ექნება საერთაშორისო სტატუსი და მის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში. 

"სერტიფიკატის აღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი მძღოლების დასაქმებისთვის ევროკავშირში, ან სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისთვისაც, რადგან საგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ სატვირთო და სამგზავრო მანქანების მძღოლების შეცდომების ხარჯზე ხდება," - განუცხადეს report.ge-ს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და დაამატეს, რომ ტრენინგ ცენტრი იქნება გათვლილი არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ რეგიონზე, რითაც ქვეყანას ეძლევა შანსი გახდეს სასწავლო ჰაბი.

"ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა გახდეს ე.წ. სასწავლო ჰაბი, რომელიც მოემსახურება მთელს რეგიონს და მათ შესთავაზებს თანამედროვე სასწავლო პროგრამას, გამართულ სატრენინგო ინფრასტრუქტურას, რომლის ანალოგიც ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის. ტრენინგ ცენტრში შეძლებს გადაამზადოს ტრანსპორტის მენეჯერები, რომლებიც შეძლებენ სატრანსპორტო კომპანიებს ევროპაში დააფუძნონ და ამით ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას. ტრანსპორტის სააგენტოს ტრენინგ ცენტრი არ იქნება ერთადერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც საქართველოში ევროკავშირში აღიარებულ ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გასცემს, რაც ქართველ და არა მხოლოდ ადგილობრივ კურსდამთავრებულებს გზას უხსნის უკეთესი მომავლისკენ. საუბარია ბათუმის საზღვაო აკადემიაზე, რომელიც ფოთის ფილიალთან ერთად, შეძლებს უფრო მეტი კვალიფიკაციური კადრი მოამზადოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორისთვის, რომლებიც, ძირითადად, ევროკავშირისა და სხვა წამყვანი საზღვაო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებსა და სხვა საზღვაო ხომალდებზე დასაქმდებიან," - აგვიხსნეს სააგენტოში.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოების დონის, საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობის, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონისა და საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის გაუმჯობესება - ეს არის ის ხუთი ძირითადი მიმართულება, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტებად განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system