თავში

მადნითა და კონცენტრანტით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები ჭიათურაში აღარ იმოძრავებს

მძიმეწონიანი მანქანები ჭიათურაში აღარ იმოძრავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში მოისმინეს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„ერთ წლის წინ ჭიათურაში, ეკოლოგიური კუთხით, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, კომპანიის და საწარმოს წარმომადგენლებს და ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. კომპანიასთან ძალიან ბევრი შენიშვნა არსებობდა. დღეს, მოვისმინეთ კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში. სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გავეცანით განხორციელებულ სამუშაოებს და ვხედავთ, რომ გარკვეული მიმართულებებით მდგომარეობა გამოსწორებულია. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მოკლე პერიოდში, ძირითადი პრობლემური საკითხები დღის წესრიგიდან მოვხსნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიამ ,,ჯორჯიან მანგანეზი“ 2019 წელს, ჭიათურაში, ე.წ. ნოფის ტერიტორიაზე, 1.5 ჰა ფართობზე, მოაწყო ახალი სპეციალური მიმღები სარკინიგზო ტერმინალი, სადაც განხორციელდება ე.წ. კოოპერატორების წარმოებული კონცენტრატის მიღება და ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ტრანსპორტირება, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზას. აღნიშნული ტერმინალის მოწყობამდე, კონცენტრატის ტრანსპორტირება საავტომობილო გზის გამოყენებით ხდებოდა და ქალაქის გზებზე მოძრაობის შეფერხებას იწვევდა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა, მერაბ კიმინაძემ განაცხადა, სარკინიგზო ჩიხებისა და ხიდების მოწყობის შედეგად, მადნითა და კონცენტრანტით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები ქალაქში აღარ იმოძრავებს.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, კომპანია მადნის გატანას შემოვლითი გზით, სარკინიგზო ხაზით უზრუნველყობს, რაც ქალაქის საავტომობილო გზას მნიშვნელოვნად განტვირთავს. პირველი ოქტომბრიდან, ექსპლუატაციაში შევიდა ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც სამთო მოპოვების კუთხით, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მერაბ კიმინაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system