თავში

მეფუტკრეთა ულტიმატუმი საზოგადოებრივ მაუწყებელს

მეფუტკრეთა ულტიმატუმი საზოგადოებრივ მაუწყებელს
მეფუტკრეთა ულტიმატუმი საზოგადოებრივ მაუწყებელს

მეფუტკრეთა გაერთიანებამ საზოგადიებრივ მაუწყებელს ულტიმატუმი წაუყენა. ბიზნესგაერთიანება არხისგან "მასტერშეფში" გასული შეურაცხმყოფველი მესიჯის უკან წაღებას და შეცდომის გასწორებას ითხოვს.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ  20 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა გადაცემა "მასტერშეფი", რომლის დროსაც ჟიურის წევრმა ლუკა ნაჭყებიამ განაცხადა: „თაფლის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორების ინდუსტრიაა მსოფლიოში, თაფლმა შექმნა ეს ხელოვნური ილუზია, რომ სასარგებლო რამ იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალერგენია მსოფლიოში და მაინც და მაინც ღირებულება არ გააჩნია ადამიანისათვის, გარდა იმისა, რომ ენერგიას აძლევს." 

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება განმარტას, რომ ამ სიტყვებმა, თაფლის მწარმოებლებისა და მისი მომხმარებლების დიდი აღშფოთება გამოიწვია და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებამ ღია წერილით მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

წერილში გაერთიანება განმარტავს, რომ ქართულ თაფლს 7000-წლიანი ისტორია აქვს, ხოლო ქართული ფუტკარი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული. თაფლის ინდუსტრიის გადასარჩენად კი სახელწიფოსა და დონორი ორგანიზაციების სოლიდური თანხები იხარჯება. ბიზნესგაერთიანება ხაზს უსვამს, რომ თაფლი, თევზთან ერთად, პირველი პროდუქტია, რომლის ევროკავშირში ექსპორტის უფლებაც მიიღო საქართველომ. რაც შეეხება თაფლის სასარგებლო თვისებებს, ამას არაერთი საერთაშორისო საწარმოო თუ სამედიცინო კვლევა ადასტურებს.

მეფუტკრეთა გაერთიანება განმარტავს, რომ ახლა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაპაუზებული ექსპორტის პირობებში, ქართული თაფლის გასაღების ბაზარი მხოლოდ შიდაბაზარია. "მასტერშეფის" ეს ანტისარეკლამო მესიჯი კი მათ იმიჯს ულახავს, რაც თაფლის რეალიზაციას შეამცირებს. ამიტომაც მეფუტკრეები საზოგადოებრივ მაუწყებლისგან შეცდომის გამოსასწორებლად მორალურ კომპენსაციას (არა ფულადი სახით) ითხოვენ. 

"საზოგადოებრივ მაუწყებელს კი კანონი ავალდებულებს, მიიღოს ყველა ზომა, უზრუნველყოს, მის ეთერში გასულ გადაცემებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და შეასწოროს ეთერში გასული უზუსტობები. გადაცემამ ზიანი მიაყენა და იმიჯი შეულახა დაუმსახურებლად ქართული თაფლის ინდუსტრიას, ამიტომ მეფუტკრეების გაერთიანება მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის შესაბამისად გასწორდეს შეცდომა შემდეგნაირად:

1. "მასტერშეფის" ეთერში გასვლისას სარეკლამო ჭრებში სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო დაეთმოს ქართული თაფლის პოპულარიზაციას.

2. "მასტერშეფის" ამავე სეზონზე გაკეთდეს ე.წ "თაფლის ტური", - აღნიშნულაი მეფუტკრეთა გაერთანების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გაგზავნილ ღია წერილში. 

შეგახსენებთ, "საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია 13 დარგობრივი ორგანიზაცია-ასოციაცია და ათასობით მეფუტკრე.

გაერთიანებამ საქმის კურსში ჩააყენა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაც. ბიზნესგაერთიანება კომუნიკაციების კომისიაშიც იჩივლებს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system