თავში

მელიორაციაზე 8 წელში 400 მლნ ლარი დაიხარჯა

მელიორაციაზე 8 წელში 400 მლნ ლარი დაიხარჯა
მელიორაციაზე 8 წელში 400 მლნ ლარი დაიხარჯა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მოისმინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, "საქართველოს მელიორაცია" სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ამასთანავე კომპანია ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელია ქვეყანაში. კომპანიის სტრატეგიული მიზნებია: წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობის ზრდა; წყალმომხმარებელთა ჩართულობის ზრდა წყალუზრუნველყოფის ეფექტურობის კომპლექსური გაუმჯობესებისათვის; დარგის რეფორმირება სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის მისაღწევად და სხვა.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე შარშანდელი წელი მათი უწყებისთვისაც რთული იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანობა უწყვეტი სერვისების მიწოდებაზეა გათვლილი, მუშაობა ფაქტობრივად არ შეუჩერებიათ. შესაბამისად, გრძელდებოდა სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებიც. მან დეტალურად ისაუბრა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებზე და მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

მელიორაციის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, დარგში დღეს არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიაწოდა. მინისტრის მოადგილის თქმით, დარგის აქტიური დაფინანსება 2013 წლიდან დაიწყო და დიდი მოცულობის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში სარწყავი და დრენირებული მიწის ფართობები. ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის 400 მლნ ლარია მიმართული როგორც აღდგენითი, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. 

"დღეს მაგისტრალურ არხებზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და ყურადღება უკვე შიდა ქსელების რეაბილიტაციისკენაა მიმართული. უხლოეს გეგმებშია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნება, წყლის აღრიცხვის განხორციელება და იმის მიღწევა, რომ ტარიფი მიბმული იყოს მოხმარებული წყლის რაოდენობაზე," - განაცხადა შამუგიამ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, კომიტეტის წევრებს, მაჟორიტარ დეპუტატებს, სხდომაზე მოწვეულ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უწყების მისამართით კონკრეტული წინადადებები და კითხვები ჰქონდათ ადგილებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. როგორც აღინიშნა, მიღწეული წარმატებების შედეგად, პრობლემები ადგილებზე მაინც რჩება, ვინაიდან მოსახლეობა სარწყავი წყლით სრულად არ არის უზრუნველყოფილი. აქვე ისიც ითქვა, რომ მთავრობასთან შეთანხმებით, ეს წელი წყლის წლად არის გამოცხადებული და მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რათა მოსახლეობას საშუალება მიეცეს მეტი სავარგული მორწყას და, შესაბამისად, მეტი მოსავალი მიიღოს.

კომიტეტის სხდომაზე რეგიონებისათვის კონკრეტული შეთანხმებებიც მოხდა, განხილვის შედეგების მიხედვით კი საბოლოოდ კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system