თავში

მეწარმემ 7 მილიონის "ყალბი დღგ“ შექმნა

მეწარმემ 7 მილიონის "ყალბი დღგ“ შექმნა
მეწარმემ 7 მილიონის ყალბი დღგ“ შექმნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის დაქვემდებარებაში არსებული ორი კომპანიის სახელით, დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეიქმნა ზედმეტობა ჯამში 7 133 000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული ათეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დროულად იქნა აღკვეთილი აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება. ბრალდებულმა ხსენებული თანხიდან შეძლო მხოლოდ 224 996 ლარის ოდენობის აქტივის გამოყენება მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარად, რითაც ბიუჯეტზე აცილებულ იქნა დაახლოებით 6 900 000 ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ამ დრომდე ძიებაშია 100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბების საქმე, რომლისთვისაც რამდენიმე ათეული პირია დაკავებული.

"ყალბი დღგ-ის საქმის" ფარგლებში დაყადაღებულია 123 მლნ-ის ქონება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯია" ამტკიცებს, რომ დღგ-ს გაყალბების თაღლითურ სქემის მთავარი აქტორები ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი არიან.

საქმე ამ დრომდე ძიებაშია. აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე.

ცნობისთვის, მთავრობამ დღგ-ს რეფორმა დაიწყო. რეფორმას ბიზნესი იწონებს.  საგადასახადო სფეროს სპეციალისტები დღგ-ს რეფორმას არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი თვლის, რომ დღგ-ს გადახდის მექანიზმი ევროპულ მოდელს მაქსიმალურად დაუახლოვდება და ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს, ნაწილის შეფასებით, სანამ გადასახადი არ შემცირდება, პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია.

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 14 ივლისს დაამტკიცა. 

ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას:

1. მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის;

2. შემუშავდება შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით;

3. მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს;

4. ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა, ევროკავშირში დაფუძნებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს;

5. შენარჩუნებულია ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს;

6. შედეგად, ასევე, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system