თავში

MICE ტურიზმის განვითარების რა პოტენციალი აქვს საქართველოს

​MICE ტურიზმის განვითარების რა პოტენციალი აქვს საქართველოს
MICE ტურიზმის განვითარების რა პოტენციალი აქვს საქართველოს

MICE ტურიზმი ანუ საქმიანი ტურიზმის პოტენციალი საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებად საიმედოა. ამის შესახებ report.ge-ს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აცხადებს. ის ასევე განმარტავს, რომ MICE ტურიზმის ერთ-ერთი ძვირადღირებული სახეობაა. გარდა იმისა, რომ ის მაღალ შემოსავლებს იძლევა, არ არის დამოკიდებული სეზონზე და მისი განვითარება ხელსაყრელია ტურიზმში სეზონურობის არასასურველი შედეგების დასაძლევად. როგორც კვარაცხელია აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა წარუმატებელი, არის პოზნერის სტუმრობა საქართველოში. 

,,MISE ტურიზმი, მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანია, ამაზე მომგებიანი ფორმა ტურიზმში არ არსებობს. ეს არის საქმიანი, დაბადების დღეების და ივენთების აღსანიშნავი, საფესტივალო და სხვა. აქ მოდიან ადამიანები, წინასწარ დაფინანსებული სამსახურიდან და მომზადებულები. ღარიბი ადამიანი ამ დანიშნულებით ვერ შემოვა ქვეყანაში, ეს არ არის მისი საქმე. ზოგადად, რთულად განსავითარებელი მიმართულებაა, დიდი რესურსი უნდა ჩადო და მაინც არ ხარ დარწმუნებული, რომ გაამართლებს. საქართველო კი არა, საბერძნეთიც კი, რომელიც აყვავებული ქვეყანაა ჩვენთან შედარებით, ვერ მოიზიდა მხარჯველი ტურისტი, განსაკუთრებული კატეგორიაა. ეპიდემიამდე მეტი შესაძლებლობა გვქონდა, რომ ეს მიმართულება განვითარებულიყო, ამ სიტუაციამ საგრძნობლად დაგვხია უკან, მათ შორის, საქმიანი ტურების მიმართულებითაც", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

მისი ვარაუდით, არა მარტო საქართველოში, გლობალური ტურიზმიც მნიშვნელოვნად შეიცვლება, განსაკუთრებით ბიზნეს-შეხვედრები და ფორუმები თანდათან დაკარგავენ აქტუალურობას.

,,ეპიდემია ისევ გამძვინვარებულ ფაზაშია და დასრულების პროცესს უმოკლეს პერსპექტივაში ვერ ვხედავ. არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვრჩები პოზიციაზე, რომ  ტურიზმი ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც ეპიდემიამდე იყო. პირველ რიგში, შეიცვლება ბიზნეს-ტურიზმი, რომელიც სამსახურებრივ მივლინებებს, შეკრებებს და ფორუმებს ითვალისწინებს. დიდი ხნის განმავლობაში ეს მიმართულება ვერ აღდგება. ყოველ შემთხვევაში, სანამ ადამიანები მთელ მსოფლიოში არ დარწმუნდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა არ არის. ამ ონლაინ რეჟიმმა კონფერენციების მოწყობის ახალი სისტემა დანერგა, რასაც ადამაინები შეეჩვევიან და ძალაში დატოვებენ ეპიდემიის შემდეგაც.  ამ თვალსაზრისით, საქმიანი ტურები, რომელიც ყველაზე შემოსავლიან ტურიზმად მიიჩნევა, უპერსპექტივო გახდა, მას ყველაზე მეტად შეექმნა პრობლემა და დიდი ხნის განმავლობაში ასე დარჩება", - ამბობს ნიკა კვარაცხელია report.ge-თან. 

პროფესორის განმარტებით,  სიტყვა MICE წარმოადგენს აბრევიატურას და იშიფრება როგორც - შეხვედრები, წამახალისებელი ტურები, კონფერენციები და გამოფენები. მიმართულება ასევე მოიცავს კონკრეტულ ივენთებს, როგორიცაა ქორწილი, დაბადების დღე და კრებები. 

MICE ტურიზმი არის ძირითადად კარგად დაგეგმლილი და წინასწარ გაწერილი ღონისძიება რომელიმე კონკრეტული თემის გარშემო როგორიცაა მაგალითად ჰობი, პროფესია ან საგანმანათლებლო თემა.

საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს პროფესორი მანანა ალადაშვილი, რომლის შეფასებითაც, ეპიდემიამ ამ მხრივ დიდი დაბრკოლება შექმნა, თუმცა ჩვეულებრივ პერიოდში მეტი სანსი არსეობობდა, რომ ქვეყანაში ტურიზმის აღნიშნული სახეობა განვითარებულიყო.

MICE სეგმენტი ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. 2020 წლამდე საქმიან ვიზიტებზე ტურისტების დაახლოებით 30-35% მოდიოდა და აქტიური კამპანიის საშუალებით მეტადაც შეიძლებოდა ეს მიმართულება აგვეთვისებინა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მცირე და საშუალო ინფრასტრუქტურა უკვე გვაქვს, რესტორნებისა და სასტუმროების სახით, რომლებსაც თავისუფალი ფართი გააჩნიათ და შეუძლიათ მათი დაქირავება. MICE ტურიზმი მსოფლიოში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი, სწრაფად მზარდი დარგია და ალბათ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ განვავითაროთ ეს სფერო, ამისთვის, მინიმუმ, პანდემია უნდა დამარცხდეს და მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ", - ამბობს ალადაშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, 2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები წლიურად 91%-ით შემცირდა. 2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას ნიშნავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2019 წელს კი ქვეყანას 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა და ტურიზმმა ქართულ ეკონომიკას $3.2 მილიარდიანი შემოსავალი მოუტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system