თავში

მიკროგრანტებზე ბიზნესიდეების მიღების ვადა კიდევ გახანგრძლივდა

მიკროგრანტებზე ბიზნესიდეების მიღების ვადა კიდევ გახანგრძლივდა
მიკროგრანტებზე ბიზნესიდეების მიღების ვადა კიდევ გახანგრძლივდა

მიკროგრანტებზე ბიზნესიდეების მიღების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად მხოლოდ 1 დღით გახანგრძლივდა. მიზეზი მაღალი მოთხოვნაა.

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოდან" აცნობეს.

მათი განმარტებით, ბიზნესიდეების მიღება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, სააგენტოს განმარტებით, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა.

"გაცნობებთ, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შემოვიდა რეკორდული რაოდენობის განაცხადი. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განაცხადების მიღების ვადის 1 დღით გახანგრძლივების შესახებ, კერძოდ აპლიკაციების შევსება გაგრძელდება 26 ოქტომბრის 23:59 საათის ჩათვლით. აქვე, მოგმართავთ რეკომენდაციით, რომ განაცხადების შევსება და გადაგზავნა მოახდინოთ 26 ოქტომბრის, 18:00 საათამდე. ამ პერიოდში, 26 ოქტომბერს, 09:00 - 18:00 საათამდე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 1525," - განმარტავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება 5 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბერს უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა მაღალი მოთხოვნის მიზეზით განცხადებების მიღება 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა, ამავე მიზეზით სააგენტომ განცხადებების მიღება კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაში.

წელს პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს ემატება თბილისი.

სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში ახალი - მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა გამონაკლის შეზღუდვებს აწესებს.

ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება და მასთან დაკავშირებული ბიზნესები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, ბიოლოგიური აქტივების, როგორიცაა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის შეძენა, კონკურსში ინტერესებში არ შედის. მასში ასევე მონაწილეობას ვერ მიიღებენ საჯარო მოხელე და იურიდიული სტატუსის მქონე პირები, როგორიცაა შპს, ამხანაგობა და კოოპერატივი.

განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილი: პროგრამის არსებული ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 25 პროცენტით, 15 პროცენტით კი მაღალმთიან რეგიონებში.

პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20 პროცენტის ნაცვლად ათი პროცენტია, მაღალმთიან რეგიონებში კი ხუთი პროცენტი.

პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6 212 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 61 მილიონ ლარზე მეტია.

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. პროგრამის პრიორიტეტული საქმიანობები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system