თავში

IMF-მა $700 მილიონის სესხები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად გადააკვალიფიცირა

მილიონის სესხები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად გადააკვალიფიცირა
IMF-მა  $700 მილიონის სესხები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად გადააკვალიფიცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეულ “ტექნიკურ დახმარებას” ეხება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სავალუტო ფონდის მისია საგადასახდელო ბალანსის აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით იყო ჩამოსული, რის ფარგლებშიც ეროვნულ ბანკთან და საქსტატთან გაიმართა შეხვედრები. IMF აღნიშნავს, რომ საქსტატთან ერთად ჩატარებული სამუშაოს შედეგად, დაახლოებით $700 მილიონის მოცულობის სესხები, რომლებიც იქამდე “სხვა სესხების” კატეგორიაში იყო, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად გადაკვალიფიცირდა.


“საგადასახდელო ბალანსის სიზუსტის გასაუმჯობესებლად, საქსტატის სისტემაში რეგისტრირებული “სხვა სექტორების” სესხების შესწავლა მოხდა. შესწავლის შედეგად დებიტორებსა და კრედიტორებს შორის კავშირების დადგენა განხორციელდა. საქსტატისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით შესწავლილი იყო 2016-2018 წლებში რეგისტრირებული 1073 სესხი. აღნიშნული სესხებიდან 372 სესხი იდენტიფიცირებული იყო როგორც შესაძლო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რის შემდეგაც მათი დეტალური გამოკვლევა მოხდა. დეტალური შესწავლის შედეგად, დაკავშირებული მხარეების სესხის ვადიანობის, განაკვეთის, მიზნობრიობისა და სხვა ასპექტების მოკვლევა მოხდა. მისიის შეფასების შედეგად დაახლოებით $700 მილიონი დოლარის სასესხო ვალდებულებები “სხვა ვალდებულებებიდან” პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად გადაკვალიფიცირდა,”- ნათქვამია სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

IMF აღნიშნავს, რომ საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით, მათ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესწავლის გარდა, ეკონომიკის სხვა სექტორებიც შეისწავლეს. მათ შორის იყო კრიპტოვალუტების ოპერაციები და აზარტული თამაშები. IMF აღნიშნავს, რომ საგადასახდელო ბალანსის უკეთესი აღრიცხვისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ინფორმაცია იმ თანხების შესახებ, რომელსაც საქართველოს არარეზიდენტები ქვეყნის აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ხარჯავენ/იგებენ.

“მისიას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სათამაშო ასოციაციის პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომ საქსტატი მოამზადებს სპეციალურ კითხვებს, რომლებიც არარეზიდენტი პირების მიერ დადებულ ფსონებსა და მათ მიერ მოგებულ თანხებს ეხება. ამასთანავე დაიდო შეთანხმება, რომ ქვეყნის უმსხვილესი კაზინოები ამგვარი ინფორმაციის გაცემას დაიწყებენ,”- ნათქვამია დოკუმენტში.

კრიპტოვალუტების შესახებ კი ნათქვამია, რომ სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგებლები კომპანია e-Money-ის მენეჯმენტს შეხვდნენ, სადაც მათ კრიპტოვალუტების გაცვლის სტატისტიკის აღრიცხვისა და რეგისტრაციის შესახებ იმსჯელეს. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის გენერირებისთვის იქნება გამოყენებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system