საქართველოში ფასების 1.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4 პროცენტით. 2021 წლის მარტში ფასების 4.9 პროცენტით შემცირება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე.
რაც შეეხება, ფასების დინამიკას წლიურ ჭრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2021 წლის მარტში ინდექსი გაიზარდა 0.3 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 4.3 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 3.1 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირებულია საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 18.1 პროცენტით.
ცნობისთვის, საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ნავთობსადენით - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP). ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბი სადგური, მათ შორის ორი საქართველოში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება. ამ მილსადენის სატრანზიტო მოსაკრებელი წელს 55 ცენტით გაიზარდა.
დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება. მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 ათასი ტონაა. WREP-ის მეშვეობით სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის ზაფხულში კი სუფსის ტერმინალში პირველი ტანკერი დაიტვირთა.
რაც შეეხება, გაზსადებენს, აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპაში გადის. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და TANAP- ით, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ნაწილია. პირველი გაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით თურქეთის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. TANAP– ის საშუალებით თურქეთში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო 2018 წლის 30 ივნისს.
2021 წლის პირველ სამ თვეში ევროპაში გასულია დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრის აზერბაიჯანული გაზი.
აზერბაიჯანის ექსპორტის ზრდა თურქეთისა და ევროპის მიმართულებით "აწყობს" საქართველოსაც, რადგან აზერბაიჯანი ამ მიმართულებით გაზის ტრანზიტს საქართველოს გავლით ახორციელებს. ქვეყნები პარტნიორები არიან ისეთ უმსხვილეს რეგიონულ და საერთაშორისო პროექტში, როგორიცაა გაზის სამხრეთ დერეფანი.
სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება. გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს. ამ ენერგეტიკულ დერეფანში ჩართვას გეგმავს სერბეთიც.
გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.
ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ეს ფაქტი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ქართული მხარისთვის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაზის სამხრეთი კორიდორის პოლიტიკური ეფექტი: თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.
გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.
ბელა გელაშვილი
ავტორი