თავში

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 12.3 პროცენტია

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 12.3 პროცენტია
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 12.3 პროცენტია

2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3 პროცენტია. ამის შესახებ ირკვევა ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 560.2 მლნ აშშ დოლარი (1.8 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

სებ-ის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9 პროცენტიდან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.8 პროცენტით შემცირდა და 887.0 მლნ. აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15.7 პროცენტით შემცირდა.

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია. იმპორტი უფრო მეტად, 14.1 პროცენტით შემცირდა, ვიდრე ექსპორტი. ექსპორტი მიმდინარე წლის 2 თვეში 6.8 პროცენტითაა შემცირებული.

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს.

არყოფითი სავაჭრო ბალანსი (უარყოფითი სავაჭრო სალდო) ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტით მეტი პროდუქცია შეიძინა, ვიდრე ექსპორტზე გაყიდა. თვითკმარი ეკონომიკისთვის საჭიროა ამ ბალანსის ექსპორტის სასარგებლოდ გადაწყობა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსსაც: საგარეო ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, როცა სახეზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ქვეყანა მეტ დოლარს იხდის იმპორტში, ექსპორტით შემოსულ დოლარის ნაკადთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შიდაბაზარზე დოლარი დეფიციტური ხდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system