თავში

მიწების სრულად რეგისტრაცია შესაძლებელია

მიწების სრულად რეგისტრაცია შესაძლებელია
მიწების სრულად რეგისტრაცია შესაძლებელია

აგრარული სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულად რეგისტრაცია  შესაბამისი პროცედურების გამარტივებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით  შესაძლებელია. 

მისი თქმით, მიწის რეგისტრაციის მიზანია, რომ არ დარჩეს დაუმუშავებელი ფართობები, რის მიზანიც საბოლოოდ წარმოების ზრდა და სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაა. 

,,ჩვენი პრობლემაა, რომ მიწის ფართობები გაფანტულია. 1999 წელს მიწის რეფორმის დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო იმ დროისთვის, მაგრამ ვერ მოიცვა მთელი სექტორი და დარჩა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწებიც, რომელსაც პატრონი არ გამოუვლინდა. დარჩა ისეთი მიწებიც, რომელსაც გლეხობა მოიხმარდა, მაგრამ არ იყო რეგისტრირებული. ამის შემდეგ რეგისტრაციის პროცესი, ფაქტობრივად,  წინ არ წასულა და საკუთრებაში მიწის დამტკიცება ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო. ტექნიკური თვალსაზრისით, სრულად მიწების რეგისტრაცია შესაძლებელია. კანონი გაწერილია, რის მიხედვითაც გამარტივდა პროცედურა, რეგისტრაციისას მოქალაქემ უნდა მიუთითოს, რომ მიწა მისი ,,საკუთრებაა", ასევე მოწმეები, რომლებიც ამას დაადასტურებენ. მიწის აზომვა აუცილებელი არ არის, რადგან ამ მოვალეობას ციფრული რუკები შეასრულებენ. ასეთ შემთხვევაში ადამიანს თბილისიდანაც ექნება საშუალება, რომ მიწა დაირეგისტრიროს, ვთქვათ, ოზურგეთში, თუკი იცის მისი ადგილმდებარეობა და საზღვრები", - განმარტავს აროშიძე.

მისი თქმით, წლების განმავლობაში მიწის რეგისტრაციისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყო  ერთი მფლობელის საკუთრებაში არსებული მიწების ,,გადაფარვა" მეორე მფლობელით, რაც დღემდე მოუგვარებელია.

,,რეგიონებში დღესაც მოქმედებს ადათ-წესობრივი ფაქტორიც, მოქალაქეებმა იციან, რომ ესა თუ ის მიწა მათი წინაპრების ,,მფლობელობაში" იყო, მაგრამ სამართლებრივი უფლებები არ იყო ჩამოყალიბებული. ამ ეტაპზე ეს შესაძლებელი. რაც შეეხება ტექნოლოგიების გამოყენებას, ამ მიწების დაფიქსირება გეოგადაღებების საშუალებით შეიძლება, მაგრამ სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ზუსტად რა ნაწილი უჭირავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს და რამდენია მის საკუთრებაში, რომლის პროვატიზაცია უნდა მოახდინოს. აღსანიშნავია, რომ აჭარაში მიწის გადაფორმების პროცესი 2004 წელს დაიწყო. ისე მოხდა, რომ ერთ მიწას რამდენიმე ,,მფლობელი" აღმოაჩნდა, ამასთან დაკავშირებით დავები დღესაც მიმდინარეობს. დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობები ამ გაუგებრობას მოაგვარებს. ამიტომ, რაც სწრაფად გახდება მიწების რეგისტრაცია, მით უფრო კარგი იქნება სოფლის მეურნეობისთვის და სახელმწიფოსთვისაც", - აცხადებს პაატა აროშიძე. 

ცნობისთვის, საქართველოში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია იგეგმება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. იუსტიციის სამინისტროს მონაცემით, 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრებული მიწების ფართობი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system