თავში

სახელმწიფო ავტოპარკი შესაძლოა მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილებით დაკომპლექტდეს

მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილებით დაკომპლექტდეს
სახელმწიფო ავტოპარკი შესაძლოა მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილებით დაკომპლექტდეს

სახელმწიფო ავტოპარკში ჰიბრიდულ ავტომობილებს უპირატესობა შესაძლოა, კანონით მიენიჭოს. საქმე ისაა, რომ  პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიშში, რომელიც ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების კონტროლს განსაზღვრავს, აღნიშნულია, რომ საბიუჯეტო სახსრების ეკონომიისთვის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული ავტომობილების ეკონომიკური უპირატესობა შიგაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით.

"სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებსა და ჰიბრიდებისთვის გათვალისწინებულ უნდა იყოს გარკვეული ტიპის უპირატესობა, რათა სახელმწიფო ავტოპარკი განახლდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. ასეთი ტრანსპორტი ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილია, რადგან მისი ექსპლუატაცია მოითხოვს ნაკლებ დანახარჯს. ამდენად, სახელმწიფო ავტოპარკის განახლების და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები ელექტროძრავიანი და ჰიბრიდული ტრანსპორტის მიმართ პრიორიტეტის დადგენის მიზნით. ასევე, შესაძლებელია მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის გააქტიურება მათი მხირდან ელექტროძრავიანი ან ჰიბრიდული საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვის წახალისების მიზნით", – აღნიშნულია ანგარიშში.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში განმარტავენ, რომ 2014 წლის 06 თებერვლის დადგენილებით „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, არ არის განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ჰიბრიდული ან/და ელექტროძრავიანი ავტომობილების შესყიდვის შესაძლებლობა, რაც აუცილებლად საჭიროებს გამოსწორებას, რადგან, აღმასრულებელ ხელისუფლებას აკისრია გარემოსდაცვითი ღონისძიებების ყველა მიმართულებით განხორციელების მოვალეობა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნიდან გამომდინარე - სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა.

ანგარიშში სომხეთის მაგალითია მოყვანილი.

"ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნების მიერ, მათ შორის არის მეზობელი სომხეთი, სადაც დაგეგმილია, რომ სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა. როგორც სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, ამისთვის საერთაშორისო ეკოლოგიური ფონდი პროექტს 700 000 აშშ დოლარით დააფინანსებს", – წერია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system