თავში

მოძრაობა "დროა" სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში კორუფციაზე საუბრობს

მოძრაობა "დროა" სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში კორუფციაზე საუბრობს
მოძრაობა დროა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში კორუფციაზე საუბრობს

მოძრაობა "დროა" სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში კორუფციაზე საუბრობს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და მიწები ხშირად საეჭვო ვითარებაში და კორუფციული სქემების მიხედვით გადადის კერძო მფლობელობაში. მათი მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტორო ისე ყიდის მიწებს, რომლებსაც ადგილობრივი მოქალაქეები, სხვადასხვა ყოფითი მიზნით, წლების მანძილზე მოიხმარენ, რომ არც კი ატყობინებს მათ ამის შესახებ.

"მოგიყვებით ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზების საინტერესო შემთხვევებზე, როცა მფლობელები “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები გახდნენ. სოფელ მოხისში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე მყოფი 28 ჰექტარი (ს/კ 68.05.43.168), რომელიც 5 წლიანი იჯარით, სოფლის რამდენიმე ოჯახს ჰქონდა სარგებლობაში და რომელზეც საგაზაფხულო სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო, აუქციონზე გაიყიდა. ვადის გასვლის შემდეგ, ადგილობრივებმა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას და ეკონიმიკის სამინისტროს იჯარის გახანგრძლივების თხოვნით მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ მერია მათ მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაჰპირდა, მიწის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი 15 აპრილს დასრულდა და მასში 3 დღით ადრე, 12 აპრილს, დაფუძნებულმა შპს აგროინდუსტრიამ (ს/კ404614182) გაიმარჯვა.

შპს აგროინდუსტრიას რამდენიმე მეწილე ჰყავს:

ჯონდო ნანეტაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირის, ბადრი ნანეტაშვილის ძმა.

შპს აქცეპტი - რომლის 80% წილის მფლობელი 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე გახლდათ, ამჟამად შპს აგროინდუსტრიის 10%-ან წილს ფლობს. მისი ახლანდელი აღმასრულებელი დირექტორი და მეწილე “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი, კახა კობიაშვილია . “აქცეპტის” მეორე მეწილე, ლერი კაპანაძეც მმართველი პარტიის შემომწირველია (შეწირული თანხა - 230 000 ლარი). ცნობისთვის, შპს აქცეპტის მფლობელობაში იყო ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია “მეცხრე არხი”.

ვაჟა გორდიაშვილი - საქართველოში მოღვაწე ამერიკის მოქალაქე ბიზნესმენის, ვალ ირელის ქონების უკანონო დატაცების საქმის ფიგურანტი.

კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა ქარელში - ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა 2018 წელს საკუთარ თავს, სოფელ ბრეთის მეურნეობაში არსებული, 93 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადასცა. იგი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის და, ამჟამად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ახლობელია.

გულიაშვილის გვარი 2019 წელს სოფელ რუისის სპორტული მოედნის გასხვისების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებითაც გვხვდება. მან ადგილობრივებს, რომლებიც მოედნის გასხვისებას ეწინააღმდეგებოდნენ, კამერების წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ პროტესტს შეეწირა ქარელის მუნიციპალიტეტის საქართველოს ფოსტის მმართველის, ანა ბალიაშვილის თანამდებობაც. იგი პოლიტიკური ნიშნით, კუთვნილი კომპენსაციის და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან," - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ტემპით კმაყოფილია. ნათია თურნავას თქმით, პრივატიზაცია დადებითი ტემპით მიდის, რაც ეკონომიკის გამოცოცხლების დასტურია. მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზაციაში ადგილობრივი ინვესტორები უფრო აქტიურობენ, ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორებიც. 58 სახელმწიფო უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შესრულდა. მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა დაიწყო ბიზნესისთვის 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა შეთავაზებული. იზრდება ქვეყნის მასშტაბით არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი, უძრავი ქონების ნუსხა, გასაყიდი ობიექტების რუკას ემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები საერთო ჯამში წარმოდგენილია 350 000 000 მლნ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი. ასევე, იზრდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნუსხაც. წიაღის კომპონენტს 50 სხვადასხვა ტიპის 50 00 000 ლარის საწყისი ღირებულების საბადო დაემატება, როგორიცაა პოლიმეტალები, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები და მიწისქვეშა წყლები. ახალი ობიექტებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა 60 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 780 ადამიანს. აღსანიშნავია, რომ რესურსის მოპოვებასთნ ერთად მოხდება მათი ადგილზე გადამუშავება, რაც მოზიდულ ინვესტიციასთან ერთად შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჯამში სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს ბიზნეს სექტორს. მოსალოდნელი ინვესტიცია – 350 მილიონ ლარს შეადგენს და სულ მცირე 10 000 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს ბიზნეს სექტორს მასშტაბური საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებული იყო კომერციულად მიმზიდველი 100-ზე მეტი უძრავი ქონება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიეღო მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გამხდარიყო სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საპრივატიზებო რუკა, სადაც დატანილი იყო სახელმწიფო აქტივების ნუსხა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში პლატფორმას 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ყავდა. დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 82 502 751 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 3 500 000 ლარის ღირებულების 47 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადო, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 20 000 000 ლარს აჭარბებს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 1 086 ადამიანს შეადგენს.

წინა აუქციონზე 41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა. ეს იყო 250-ზე მეტი ობიექტი. აუქციონის პირველივე ორ კვირაში 109 ობიექტი გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების სააგენტოს მფლობელობაში ამჟამად სულ 106 საწარმო იმყოფება, ამ საწარმოების უმეტესობა მცირე ზომისაა და არაერთი მათგანი საქმიანობას არ ახორციელებს. ამ კომპანიების შერწყმა-ლიკვიდაცია უკვე არაერთი წელია, რაც მიმდინარეობს.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოსახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას ამუშავებს. მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე. ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯსდაგვიანებულად მიიჩნევენ.

2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.ამ დღეებშიმთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system