თავში

მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობა გრძელდება

მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობა გრძელდება
მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობა გრძელდება

მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობა, Covid-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ყურადღება გამახვილდა დახმარებების მიზნობრიობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აგრეთვე, აღინიშნა, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იყოს დაბალასებული მათი ინტერესების გათვალისწინებით.

შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რათა გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად ბიზნესის წარმომადგენლებისგან იღებს ინფორმაციას მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნული კომუნიკაცია აქტიურად გრძელდება.

ამასთან, მთავრობა აქტიურად მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რომელსაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, ასევე მალე გახდება ცნობილი.

საქართველოს მთავრობამ, ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალ პაკეტზე მუშაობა ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზაზე, რომლითაც გახარიას მთავრობა ბიზნესისა და მოქალაქეების დახმარებას გააგრძელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებს მოქალაქეებს მთავრობა გადაუხდის 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება შეეხება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ამდენივეს წყლისა და დასუფთავების გადასახადიც აუნაზღაურდება; გაზის საფასურის ანაზღაურება შეეხება 650 ათას ოჯახს.

სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system