თავში

მოქმედებს თუ არა ფსიქოლოგიური ფაქტორი ინვესტორებზე

მოქმედებს თუ არა ფსიქოლოგიური ფაქტორი ინვესტორებზე
მოქმედებს თუ არა ფსიქოლოგიური ფაქტორი ინვესტორებზე

ლარის გაუფასურების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე სპეციალისტები ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ნაკლებად ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ინვესტორებზეც უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი მოქმედებს, რაც  განსაკუთრებით სავალუტო ტყევებს უკავშირდება. ამის შესახებ  report.ge-თან ეკონომისტი რამაზ გერლიანი საუბრობს. მისი თქმით, ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა ინვესტიციებს დიდ რისკს უქმნის და სამომავლო პოტენციალსაც ამცირებს.

,,ეკონომიკური კრიზისის დროს პოტენციურმა ინვესტორებმა ჩვენს რეგიონზე გააკეთონ აქცენტი, ამის შანსი დღეს პრაქტიკულად არ არის. არც ერთი ფაქტორი არ მახსენდება, რის საფუძველზეც შეიძლება ვთქვა, რომ სხვებთან მიმართებაში რაიმე კონკურენტული უპირატესობა გაგვაჩნია. ვერ ვაჩვენეთ მაგალითი თუნდაც  ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარეც, ვერც ვაქცინაციის კუთხით და ეროვნული ვალუტაც უკვე თავზე გვემხობა. ასეთ სიტუაციაში ინვესტორი, ვინც  დარჩა, შეიძლება ფსიქოლოგიურ ფაქტორს აყვეს, წინასწარ იმარაგებდეს ბაზარზე დოლარს და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდიდეს. არ გამოვრიცხავ, ეს ფაქტორიც მოქმედებდეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომ ეთქვა, ყველაფერს გააკეთებდა კურსის გასამყარებლად, ფსიქოლოგიურ ფაქტორს გაანეიტრალებდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რაც ასევე სავალალოა, პოლიტიკურადაც არასტაბილურობაა და არც ერთი ცივილური, სერიოზული ინვესტორია კაპიტალს არ დააბანდებს, როცა ხედავს, რომ პოლიტიკური მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს", - ამბობს გერლიანი.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ის საინვესტიციო პოლიტიკა, რასაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ადგას. იგი ხაზს უსვამს  განსაკუთრებით იმ გარემოებას, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოდან დიდი კაპიტალი გააქვთ, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან დიდი სარგებელი მაინც და მაინც არ მიგვიღია. განხორციელებულ პროექტებს თვალს თუ გადავავლებთ და ვნახავთ, თუ რა მოცულობის კაპიტალი გაჰქონდათ საქართველოდან. ფაქტია, რომ აქედან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი ყოველთვის მცირე იყო. ინვესტიცებისგან ქვეყანამ მოგება რომ მიიღოს, ეკონომიკას შესაბამისი სტრუქტურა სჭირდება. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სააქციო საზოგადოებების როლის გაძლიერება. საკმაოდ მარტივი სქემაა, რომელიც დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ პრაქტიკაში არავინ იყენებს", - აცხადებს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად, რომელთაც მთავრობა განუხრელად ატარებს, საქართველო კვლავაც მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში ,,პოსტ-კოვიდური ეკონომიკური გამოწვევები და შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system