თავში

"მომავლის ფერმერი" სოფლის ანტიკრიზისულ გეგმას იწუნებს

"მომავლის ფერმერი" სოფლის ანტიკრიზისულ გეგმას იწუნებს
მომავლის ფერმერი სოფლის ანტიკრიზისულ გეგმას იწუნებს

ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას ამბობს რომ პროგრამა ძირითადად მცირე ფერმერებზეა მორგებული და უფრო სოციალური დახმარების შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე აგროსექტორის წახალისების. 

გიგაშვილის თქმით, პრობლემატური იქნება ყოველ 1 ჰა მიწის ფართობზე ფერმერებისთვის 200-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაც, რადგან ვაუჩერები წინა წლების მსგავსად, შესაძლოა, არადანიშნულებისამებრ გამოიყენონ და მათი გადაყიდვაც კი მოხდეს. 

ხომ არ მოყვება ამ ყველაფერს ისედაც ძალიან დანაწევრებული სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო ფრაგმენტაცია? ამის მაგალითები გვაქვს, როდესაც წლების წინ სახელმწიფომ ზუსტად ვაუჩერების სისტემით დაიწყო ტექნიკასა თუ საწვავის გაცემა. იმისთვის, რომ უფრო მეტს მიეღო დახმარება ოჯახებიც კი გაიყო ამის გამო - ძმა-ძმას გაემიჯნა, მშობელი ცალკე დარეგისტრირდა და შვილი ცალკე, რათა მეტი ვაუჩერი მიეღოთ.  იყო პრეცედენტები, როცა მიღებული დახმარება გადაყიდეს - ამის საპრევენციოდ რა მექანიზმი ექნება მთავრობას, ეს ვერ მოვისმინე.  სახელმწიფო ამბობს, რომ ის დაეხმარება დღეს უკვე რეგისტრირებულ ფერმერსაც და მასაც, ვინც დარეგისტრირდება 2020 წლის ბოლომდე. ჩვენი სუსტი მხარე კი, რაც გვაქვს, რატომაც ვერ ვვითარდებით როგორც აგრობიზნესი, არის ის, რომ ვერ გავმსხვილდით და ეს გეგმა გამსხვილებას არ ითვალისწინებს”,- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი და დასძენს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეგმას არ შეიძლება ეწოდოს აგრობიზნესის მხარდამჭერი პროგრამა. გიგაშვილს მიზეზის ახსნისას დღგ-ს მაგალითი მოჰყავს და განმარტავს, რომ დღგ-ს ნაწილში საუბარი იყო მცირე ფერმერების მხარდაჭერაზე და არ იყო მსხვილებზე, არადა, გიგაშვილის მტკიცებით, ამ ნაწილში დახმარებას ყველაზე მეტად ითხოვდნენ სწორედ მსხვილი საწარმოები.

"ველოდებოდი, რომ იქნებოდა მეფრინველეობის დარგის დღგ-სან გათავისუფლების საკითხზე საუბარი, ასევე მერძევეობის დარგის დღგ-სგან გათავისუფლების სქემა და ა.შ. ანუ ის საკითხები, რასაც ბიზნესი აგროსექტორში ითხოვს, რათა დადოს მშპ-ში უფრო მეტი წილი, უფრო მეტად იყოს წახალისებული ადგილობრივი წარმოება და ექსპორტი - ეს მე ვერ დავინახე”,- აცხადებს გიგაშვილი და ხაზს უსვამს, რომ პრეზენტაციაზე მხოლოდ 300 მილიონლარიანი ბიუჯეტის ხარჯვაზე იყო საუბარი, მაგრამ არაფერი თქმულა, როდის დაიდება რეალური შედეგი და რა გავლენა ექნება ამ თანხების დახარჯვას სოფლის მეურნეობაზე.

“ველოდები, რომ სახელმწიფო დადებს უფრო ღრმა ანალიზს - დავხარჯეთ 300 მილიონი და როდის იქნება შედეგი, როდის იქნება ამონაგები, რა შეიცვლება სოფლის მეურნეობაში? ეს არის სოციალური აქტი და მოსახლეობას ვეხმარებით, თუ ეს არის ეკონომიკაში კონკრეტული შედეგების დასადებად”,- აცხადებს რუსუდან გიგაშვილი. 

ცნობისთვის, "მომავლის ფერმერისგან" განსხვავებით, სოფლის სტიმულირების მთავრობისეულ გეგმას იწონებს ფერმერთა ასოციაცია.

შეგახსენებთ, გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა საზოგადოებას გააცნო, როგორ დაეხმარება მთავრობა სოფელსა და ფერმერებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, რომ სოფლის მეურნეობა "ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა პრიორიტეტულ მიმართულებად და ბიძინა ივანიშვილმა 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე მთავრობა 10 მილიონი ლარს დახარჯავს.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. ამაზე მთავრობა კომპანიებს გაურიგდა და რამდენიმე წელი ისინი გლეხებს იაფ დიზელს შესთავაზებენ.

მთავრობის დახმარების წყალობით, 200 000-მდე ფერმერი დიზელის შეძენისთვის 40 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

ერთწლიანი კულტურების წარმოებას სესხების პროცენტს მთავრობა დაუფარავს.

სამთავრობო დახმარებისა და შეღავათების მიღების პირობა არის რეგისტრირებული მიწის ფლობა, ანუ დახმარებებს და შეღავათებს მხოლოდ რეგისტრირებული მიწის მფლობელი ფერმერები მიიღებენ.

ცნობისთვის, რეგისტრირებულ ერთ ჰექტარზე მთავრობა ფერმერს 850-დან 1 700 ლარამდე დაეხმარება.

პრემიერმა გახარიამ განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მცირე ფერმერებისთვის დაზღვევის ხარჯის 70%-ს მთავრობა დაფარავს

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს, ხოლო კოოპერატივებს ხელისუფლება მაქსიმუმ 25 000 ლარით დააფინანსებს.

ფერმერები ისარგებლებენ საბანკო შეღავაღებითაც.

ცნობისთვის, პრემიერი ფერმერებს მიწების რეგისტრირებას სთხოვს. მისივე პროგნოზით, ქვეყანაში, 3 წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

შეგახსენებთ, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის რეგისტრაცია უფასოდ შეეძლება.

სოფლის მეურნეობის სტიმულირების გეგმაში მთავრობას დეტალურად აქვს გაწერილი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები მთავრობის დახმარების მისაღებად.

დღესვე მინისტრმა დეტალურად განმარტა, რა სახით მიიღებენ ფერმერები სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system