თავში

მოსახლეობის 15%-ზე მეტი შიდა ფრენებით სარგებლობს

მოსახლეობის 15%-ზე მეტი შიდა ფრენებით სარგებლობს
მოსახლეობის 15%-ზე მეტი შიდა ფრენებით სარგებლობს

ადგილობრივი აეროპორტების მომხმარებლების 85%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ. ამის შესახებ report.ge-ს ავიაექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა განუცხადა. 

გარდა იმისა, რომ მოსახლეობა შიდა აეროპორტებით ვერ სარგებლობს, როგორც აღმოჩნდა, მომსახურების სათანადო პირობები არც ტურისტებს აქვთ. ამის მიზეზად ავიაექსპერტი რეისების ,,ჩავარდნას" მიიჩნევს და ამბობს, რომ შიდა ფრენები დატვირთული არ არის და სერვისის მიღება კლიენტებს ტურისტულ სეზონშიც უჭირთ.

იასე ზაუტაშვილის შეფასებით, ადგილობრივი აეროპორტების პერსპექტივა მცირეა და მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ საავიაციო პოლიტიკის შეცვლით არის შესაძლებელი.

,,ადგილობრივი აეროპორტები, როგორიცაა მესტიაში, ამბროლაურში, თელავსა და ბათუმში, მაინც და მაინც იმედის მომცემი მიმართულება არ არის. შიდა ფრენები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამინდზე, ღრუბლიანობის გამო რეისები საერთოდ ვერ სრულდება. ტურისტი რომ ჩამოდის და სურს 3 დღეში ტურისტული რეგიონების მონახულება მოასწროს, რეალურად ვერც გუდაურში წაიყვან, ვერც რაჭაში და თუნდაც მესტიაში. ასეთ შემთხვევაში ტურისტს ვთავაზობთ საავტომობილო ტრანსპორტს, რაშიც ადამიანმა, სულ მცირე, 8 საათი უნდა დაკარგოს, რაც დისკომფორტს ქმნის. შიდა აეროპორტების მგზავრების 85% ტურისტია. პირობებს თუ არ შევქმნით, ეს მაჩვენებელი შემცირდება. შედარებისთვის, იმის გამო, რომ ბაკურიანსა და გუდაურში წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა, დამსვენებლების 80% უკან დაბრუნდა. შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი შეირყა. იგივე ლოგიკა მოქმედებს ავიაციის სფეროშიც", - აცხადებს ზაუტაშვილი და დასძენს, რომ დარგი ვერ ვითარდება და ბიუჯეტიდან მილიონობით ფული ჰაერში იყრება.

,,კომერციულად თუ მივუდგებით, მაგალითისთვის, თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის რეისები წამგებიანია. ვერ იპოვით მგზავრს, რომელიც 100 ლარზე მეტს გადაიხდის. ფრენის საფასური 60 ლარია, რაც თვიღღირებულებაზე ბევრად ნაკლებია. დანაკლისის შევსებას სახელმწიფო სუბსიდირებით ახდენს, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. რეალურად ბათუმიდან კიევის მიმართულებით ფრენა უფრო მეტად ხელმისაწვდომია, ვიდრე - ადგილობრივ ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი აეროპორტები საერთაშორისო რეისებითაც დაიტვირთონ. თუკი ქუთაისიდან ფრენა ევროპის  მიმართულებით ხორციელდება, ამ მომსახურების გაწევა სხვა აეროპორტებშიც არის შესაძლებელი. უბრალოდ, ამას სჭირდება სწორი კონცეფცია", - აცხადებს ავიაექსპერტი.

მიუხედავად ამისა, ოფიციალური სტატისტიკა ადგილობრივ აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდას ადასტურებს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში მგაზავრების რაოდენობა 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system